პერსპექტივის გაუარესება იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის სახსრების მოზიდვა გაძვირდება – გულედანი Moody’s-ის შეფასებაზე (bm.ge)

კაპიტალის ბაზრის ექსპერტის, მარინა გულედანის შეფასებით, თუკი ქვეყანაში პროცესები არ დასტაბილურდება, შესაძლოა, საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუარესების შემდეგ, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც შემცირდეს.
საქმე ისაა, რომ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა.
როგორც მარინა გულედანმა BMG-ის განუცხადა, მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ დრომდე სარეიტინგო სააგენტოები რეიტინგს არ ამცირებენ, საქართველოში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდაა.
„მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურისკენ შეიცვლებოდა. მეთოდოლოგიას თუ შევხედავთ, სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები ბევრი კომპონენტისგან შედგება. მთავარი, რაზეც ყურადღება მახვილდება, ინსტიტუციური განვითარება და მმართველობით სფეროში არსებული პრობლემებია. ამ საკითხებზე ანგარიშშიცაა საუბარი. გეოპოლიტიკური რისკები და შიდა პოლიტიკური დაძაბულობაა შეფასებაში აღნიშნული, რამაც პერსპექტივის გაუარესებაზე იმოქმედა. გასულ პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და ეს ძირითადი მიზეზია, რის გამოც თავად ქვეყნის რეიტინგი ჯერჯერობით შენარჩუნებულია. მაგრამ სწორედ ამ ინსტიტუციური და მმართველობითი პრობლემების გამო, თუ ასე გაგრძელდება, შესაძლებელია, რომ უშუალოდ რეიტინგიც შემცირდეს“, – განაცხადა მარინა გულედანმა.
კაპიტალის ბაზრის ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ ზოგადად ქვეყნის რეიტინგის ან მისი პერსპექტივის გაუარესება ეკონომიკური აგენტებისთვის გაძვირებულ ფინანსურ რესურსს ნიშნავს.
„პერსპექტივის გაუარესება იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის და ეკონომიკური აგენტებისთვის მომავალში ფინანსური სახსრების მოზიდვა უფრო გაძვირდება, რადგან საკრედიტო სააგენტო თვლის, რომ პერსპექტივა უარყოფითია. საკრედიტო რეიტინგი ზოგადად ფულის ფასს განსაზღვრავს ქვეყნისთვის და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური აგენტებისთვის, ფულის ფასი რისკის პროფილით განისაზღვრება. რეიტინგის და პერსპექტივის ნებისმიერი ჩამოქვეითება ფულის გაძვირებას გულისხმობს, როგორც მთავრობისთვის, ასევე ნებისმიერი ეკონომიკური აგენტისთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებიდან“, – აღნიშნა მარინა გულედანმა.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში საქართველოს პერსპექტივა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მაც გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა.
bm.ge