ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერი აცხადებს, რომ აშშ დაეხმარება საქართველოს თავდაცვის ძალებს გაძლიერებაში. მან „ამერიკის ხმის“ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ისაუბრა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების უვადოდ შეჩერებაზე.
„წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ‘ღირსეული პარტნიორი’. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს, ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, – თქვა მან.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს მმართველი პარტიის წევრების სანქცირებაზე სწორედ ამ კანონის მიღების კონტექსტში დაიწყეს საუბარი ქვეყნის პარტნიორებმა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „აგენტების კანონი“ არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, მისი გაუქმების მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.