რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვადიმ კრასიკოვი “ეფესბეს” თანამშრომელი იყო. კრასიკოვს გერმანიაში ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და პატიმართა გაცვლის შედეგად დაბრუნდა მოსკოვში. მანამდე რუსეთის ხელისუფლება მის კავშირს სპეცსამსახურებთან არ ადასტურებდა.
პესკოვს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებისა და კრასიკოვის გულთბილ შეხვედრაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს გასაკვირია არაა, ვინაიდან კრასიკოვი ქვედანაყოფ „ალფაში“ მსახურობდა პუტინის დაცვის თანამშრომლებთან ერთად. “ეფესბეს” სპეციალური დანაყოფთან ხანგოშვილზე თავდამსხმელის კავშირზე მანამდე სხვა დასავლურ გამოცემებთან ერთად წერდა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურიც.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებდა, რომ მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების შეკვეთილი იყო, რასაც მოსკოვი არ აღიარებდა.
2 აგვისტოს პესკოვის მიერ გაკეთებული კომენტარებით, მოსკოვმა აღიარა ცოლ-ქმარ დულცევების მუშაობა რუსეთის სადაზვერვო სამსახურში. ისინი სლოვენიაში ჯაშუშობის ბრალდებით იყვნენ გასამართლებული. კრემლის პრესმდივნის თქმით, ისინი დაზვერვის არალეგალური ოფიცრები იყვნენ. მათმა შვილებმა მშობლების რუსეთთან კავშირის შესახებ მხოლოდ მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში შეიტყვეს, ისინი რუსულად არ საუბრობენ. სლოვენიაში წყვილი თავს არგენტინელებად ასაღებდა.
კრასიკოვს, დულცევებსა და სხვა გათავისუფლებულ რუსეთის მოქალაქეებს პუტინი აეროპორტ ვნუკოვო 2-ში დახვდა. პესკოვის განმარტებით, აეროპორტში პუტინის ყოფნა „ვალის გადახდა იყო იმ ხალხისადმი, ვინც სამშობლოს ემსახურება“.
გაცვლილი ყოფილი პატიმრების დასახვედრად თვითმფრინავის წინ წითელი ხალიჩა იყო გაშლილი, პუტინი კრასიკოვს გადაეხვია და ანა დულცევას ყვავილები გადასცა. გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებულებს, პუტინი შეხვედრას, თანამდებობებს და სახელმწიფო ჯილდოებს დაჰპირდა.
1 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ისა და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე.