ესპანეთის კონგრესმა პედრო სანჩესი პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად ხელახლა აირჩია.
სანჩესს 350-ადგილიანი პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 179-მა დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ მემარჯვენე ოპოზიციურმა დეპუტატებმა მისცეს.
კენჭისყრა გაიმართა პარტიის ლიდერებს შორის თითქმის ორდღიანი დებატების შემდეგ, რომელიც თითქმის მთლიანად იყო ფოკუსირებული კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის საკამათო შეთანხმებაზე, რომელსაც სანჩესი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ დასთანხმდა.
23 ივლისს ესპანეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „პოპულარულმა პარტიამ“ მოიპოვა, მაგრამ მიღებული ხმები მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. არჩევნებში მეორე ადგილი 121 მანდატით სანჩესის „სოციალისტურმა პარტიამ“ დაიკავა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „სოციალისტურმა პარტიამ“ სამთავრობო კოალიციის შექმნისთვის მოლაპარაკებისას შესაბამის შეთანხმებას მიაღწია კატალონიელი სეპარატისტების პარტიასთან „ერთად კატალონიისთვის“.