“პატრიარქი ფილარეტი, ისევე როგორც პატრიარქი ილია, ეპოქალური მოღვაწენი იყვნენ” – ეპისკოპოს ზენონის სამძიმარი უკრაინას

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სამძიმარს უცხადებს უკრაინას საპატიო პატრიარქის, ფილარეტის გარდაცვალების გამო. გარდა ამისა, ის ამდლობას უხდის უკრაინის ეკლესიის წინამძღვარს, მიტროპოლიტ ეპიფანეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოხატული თანაგრძნიბისთვის.მთავარეპისკოპოსმა ზენონმა წერილი მიტროპოლიტ ეპიფანეს გაუგზავნა:“მივიღეთ სამწუხარო ცნობა მისი უწმიდესობის, უწმიდესი ფილარეტის, კიევისა და სრულიად უკრაინის საპატიო პატრიარქის გარდაცვალების შესახებ. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება.ამასთანავე, გულითადად გმადლობთ თქვენი უნეტარესობის მიერ გამოხატული თანაგრძნობისათვის, ნეტარხსენებული უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილიას გარდაცვალების გამო, რაც ჩვენთვის დიდ ნუგეშად იქცა ამ მძიმე დღეებში.უწმიდესი პატრიარქი ფილარეტი, ისევე როგორც უწმიდესი პატრიარქი ილია, განსაკუთრებული და ეპოქალური მოღვაწენი იყვნენ უკრაინისა და საქართველოს უახლეს ისტორიაში. მათ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნეს ეკლესიისა და ერის მსახურებას, და ეს ღვაწლი სამარადისოდ დარჩება ჩვენი და მომავალი თაობების სულიერ მეხსიერებაში.ამ დღეებში, როდესაც სრულიად საქართველო გლოვობს ნეტარხსენებული პატრიარქის, ილიას გარდაცვალებას, ჩვენი მწუხარება კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს თანადროული დანაკარგი გვაფიქრებს ღვთის განუსაზღვრელ სიბრძნესა და სიყვარულზე – „როდესაც მოიწია დროის სისრულე…“ (გალ. 4, 4). და ეს ჟამის სისრულე, ეს დრო საქართველოსა და უკრაინისათვის დადგა ერთად.ეს არის ჩვენი რწმენის საიდუმლო, რომ მწუხარება გარდაიქმნება კურთხევად. ვესავთ ქრისტეს აღდგომის ნათელს, რომელშიც სიკვდილი აღარ არის დასასრული, არამედ მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა.გვჯერა, რომ პატრიარქ ფილარეტის სულიერი მემკვიდრეობა კვლავ გამოიღებს კეთილ და კურთხეულ ნაყოფს, ხოლო ეკლესიის ცხოვრება განუწყვეტლივ გაგრძელდება მისი მოღვაწეობის მემკვიდრეობით.ღმერთმა დალოცოს მისი უწმიდესობის, პატრიარქ ფილარეტის სული და დააწესოს იგი ადგილსა მას, სადაცა მართალნი განისვენებენ, ამინ!”, – წერს ზენონ იარაჯული.უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გუშინ, 20 მარტს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამი დღით ადრე, 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე.უკრაინის საპატიო პატრიარქს, ისევე როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ, 22 მარტს დაკრძალავენ. ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში, ხოლო ფილარეტი კიევში, წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარში დაიკრძალება.უკრაინის ეკლესია იყო პირველი, ვინც საქართველოს ეკლესიას ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა.