პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – 20 ივნისს დაზარალებული, პროკურატურის მოწმე დაეთანხმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, 20 ივნისს დაზარალებული, პროკურატურის მოწმე დაეთანხმა სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია.

პარტიის ცნობით, ამის შესახებ მოწმემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„დღეს, სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე არსებითი განხილვისას, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ 20 ივნისს დაზარალებულს, პროკურატურის ერთ-ერთ მოწმეს კითხვით მიმართა, ეთანხმება თუ არა მოწმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც ამბობს რომ გიორგი გახარიას და მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ ეთანხმება,“ – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე სასამართლოში ვახტანგ ბერიკაშვილი დაიკითხა, რომელმაც ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა მოიგო. როგორც მოწმე აცხადებს, ის 2019 წლის 20 ივნისს აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც რაღაც პერიოდი დაჰყო, შემდეგ კი კაფეში წავიდა და ისევ უკან დაბრუნდა, რა დროსაც დაშავდა.

„წინ სპეცრაზმი იყო, მობილურით ვიღებდი, რა დროსაც მარცხენა მხარში მომხვდა ტყვია, რაღაც მომენტში მესმოდა გასროლის ხმებიც,“ – განაცხადა ბერიკაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ