პარტია “გახარია საქართველოსთვის” სადავო პარლამენტში შედის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვიტა პარლამენტში შევიდეს. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ 20 ოქტომბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პარტია წყვეტს მე-11 მოწვევის სადავო პარლამენტის ბოიკოტს.
გიორგი შარაშიძის განცხადებით, “პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილებამ”, როგორც “პოლიტიკური პროტესტის” ფორმამ, “ოცნების” ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება, ავტოკრატიული რეჟიმის დამძიმება, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა, თავისუფალი და სამართლიანი ს მოპარვა და სხვა ბევრი დანაშაულებრივი, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება”.
მისივე განცხადებით, “პარლამენტის ბოიკოტი”, “მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა და “ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან”, რის შედეგადაც “ოცნებას შესაძლებლობა მიეცა, ძალიან სწრაფად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა”.
გიორგი შარაშიძის თანახმად, მათ ვერ შეძლეს საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ “პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო”.
“ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას! 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულმა პროცესებმა სიტუაცია უკიდურესად დაამძიმა, უკიდურესად დააზიანა ისედაც დასუსტებული ოპოზიციური სპექტრი და “ოცნებას” მისცა საბაბი, საკუთარ მომხრეებში გაემართლებინა ავტორიტარიზმის დამძიმება”, – თქვა შარაშიძემ.
დამძიმებული ვითარების კონტექსტში მან ჩამოთვალა “გამოხატვის თავისუფლების ამკრძალავი ახალი ანტიდემოკრატიული კანონების” მიღება, “ათობით დაპატიმრებული დემონსტრანტი”, “მომავალი თაობისთვის ევროპული განათლების მიღების შემზღუდავი ეგრეთ წოდებული განათლების ახალი რეფორმის ანონსი”, “პირდაპირ თავდასხმები პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებზე”.
“რასაც “ოცნების” რეჟიმი გერმანიის ელჩის და გერმანიის წინააღმდეგ სჩადის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებად შეიძლება შეფასდეს”.
აქედან გამომდინარე, შარაშიძის განცხადებით, იწყებენ “ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას”.
“პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს! დროა, ტყუილს სიმართლით, ზიზღისა და სიძულვილის ენას გონიერი, მშვიდი, ზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვუპასუხოთ!” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მე-11 მოწვევის პარლამენტში, რომლის ლეგიტიმაციასაც არ აღიარებენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” 12 უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლე შევა.
ესენი არიან:
· გელა აბულაძე,
· ჯემალ ანანიძე,
· ქეთევან ბაკარაძე,
· რუსუდან თევზაძე,
· მალხაზ თორია,
· შალვა კერესელიძე,
· სალომე კობალაძე,
· გიგა ფარულავა,
· ვიკა ფილფანი,
· გიორგი შარაშიძე,
· თამარ ხვედელიანი და
· სოფიო ხორგუანი.
სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე, პარტიული სიები გააუქმეს და მანდატების გამოყენებაზე უარი განაცხადეს. ისინი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, გახარიას პარტიამ აღიარა “უსამართლო ბრძოლაში დამარცხება”. 6 ოქტომბერს მათ თქვეს, რომ ბრძოლას განახლებული გეგმით გააგრძელებდნენ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც გაზაფხულიდან მოყოლებული გერმანიაში იმყოფება, “ტვ პირველთან” 1 აგვისტოს ინტერვიუში განაცხადა, რომ შეცდომა იყო პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტი. ამან გააჩინა ვარაუდი, რომ პარტია პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას აპირებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე