პარლამენტში EU-ს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით არასამთავრობოების ნაწილი კვლავ არ მიიწვიეს

ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში მეორე შეხვედრა კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების სრული ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა სამ საკითხზე მიმდინარეობს: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მეორე საკითხია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული ნორმები, მესამე კი – საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა.
შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე , საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის,ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები. შეხვედრას დღესაც არ ესწრება პარტია „ლელო“.
დღევანდელ შეხვედრას ისევ მხოლოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ წევრები ესწრებიან და მასში აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი კვლავ არ მონაწილეობს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა „რადიკალიზაციის გზა“ აირჩია და ახლა მათი დონორების პასუხისმგებლობაა, რომ ისინი „დემოკრატიულ კალაპოტში“ დააბრუნონ.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმებული ფორმატი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან“, რომლის წევრებიც იყვნენ ის ორგანიზაციებიც, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს ამ ფორმატს, რადგან თავისი წარმომადგენლები ვერ აირჩიეს ამა თუ იმ თანამდებობაზე. ამ თანამდებობების გამო დატოვეს პლატფორმა, ამიტომაც გაემიჯნნენ ამ პროცესს. ისევე იქნებოდა ISFED თუ საია ამ განხილვების მონაწილე, როგორც აქამდე იყვნენ.
მათ აირჩიეს ეს გზა რადიკალიზაციის და გამიჯვნის. ახლა ამ NGO-ების დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება სრულად მათი დონორების პასუხისმგებლობაა. მხოლოდ დონორებს შეუძლიათ, რომ რადიკალიზებული NGO-ები, რომლებიც თანამდებობების გამო გაემიჯნნენ პლატფორმას და 9 პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობას, დააბრუნონ დემოკრატიულ კალაპოტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული პირველივე შეხვედრის შემდეგ პარლამენტს მოუწოდა, რომ სამუშაო პროცესი ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით წარმართოს და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა უზრუნველყოს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ, გუშინ, 15 თებერვალს, განაცხადა, რომ 9 ნაბიჯის განხორციელებაზე მუშაობა მთავრობის მხრიდან ინკლუზიურობას მოითხოვს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ცაგარეიშვილი – 2030 წლისთვის საქართველოს ნავსადგურებში თავს მოიყრის გაზრდილი ტვირთნაკადი, რომლის ათვისებაც აუცილებელია განხორციელდეს საქართველოში დაარსებული საზღვაო ფლოტის და ქართული დროშით მცურავი გემების საშუალებით