პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაიწყო. დეპუტატები დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 7 თებერვალსაც. გრაფიკით გაწერილია, რომ 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი – ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.
8 თებერვალს ჩანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახავს. პარლამენტი იმავე დღეს (8 თებერვალს) უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავს განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და კენჭს უყრის.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
მთავრობის შემადგენლობა, პარლამენტის ბიუროს სამთავრობო პროგრამასთან ერთად 2 თებერვალს წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ