პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის – „საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება” ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზენტაციას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა გივი მიქანაძემ მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა. წარმოადგინა მოკვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც პასუხისმგებელ უწყებებს წარედგინებათ.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ თემატური მოკვლევის შედეგების შესაბამისად 2024 წლის გადამუშავებულ სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინა და შექმნა ცალკე საბიუჯეტო ქვეპროგრამა რეგიონებში სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდასაჭერად, რომლის დაფინანსება 2 მილიონ ლარს შეადგენს.
მოკვლევის ფარგლებში მოსაზრებები და წინადადებები რეგიონებში მდებარე ექვსმა საჯარო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარმოადგინა, კერძოდ: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა; ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
მოკვლევის პროცესში, სამუშაო ჯგუფის წევრები ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და მოისმინეს მოსაზრებები. მოკვლევის პროცესში ჩატარდა 8 ზეპირი მოსმენა. მოკვლევის ჯგუფმა ასევე შეისწავლა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები იყვნენ: პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

ანა ნაცვლიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს