საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა დაძლია. 27 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე ჩააგდეს (0 მომხრე, 63 წინააღმდეგი) პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, ხოლო კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებული ვერსია პარლამენტმა 78 ხმით, საბოლოოდ დაამტკიცა.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ცესკო ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების მიღებას.
ამავე კანონპროექტით, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის არსებობა შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია. ის არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში იქმნებოდა და სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებდა.
პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ცვლილებით ფაქტობრივად დგინდება, რომ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია პარტიებს შორის ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ქმნის კონსენსუსის წინაპირობას, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა ცესკოს, საარჩევნო პროცესის, ზოგადად, ჩატარებული თუ ჩასატარებელი არჩევნების მიმართ ნდობის თვალსაზრისით.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.