80-ხმით, ერთხმად – პარლამენტმა, პირველი მოსმენით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო, რომლის გათვალისწინებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა თანამდებობაზე განწესების მარეგულირებელი ნორმები იცვლება.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული პროექტი დაჩქარებული წესით იხილება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა შერჩევის პრინციპებს კანონიერების, გამჭვირვალობის, კანდიდატების თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები ემატება.
ამასთან, პროექტით განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად საკონკურსო კომისია შეიქმნება, რომელიც მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით უნდა დაკომპლექტდეს. აღნიშნული კომისია განაცხადებს გადაარჩევს და გასაუბრებას ყველა იმ კანდიდატთან გამართავს, ვინც განათლებისა და სამუშაო გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საკონკურსო კომისია განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, იცვლება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები და პროცედურები. ამჟამად მოქმედი კანონით, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა აღძრას კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში. “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება ამ მიმართულებითაც შედის და განისაზღვრება, რომ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი არსებობს – “კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში“.
გარდა ამისა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურას ემატება წესი, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ის კომისიის წევრი, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, აღიჭურვება უფლებით წერილობით ან ზეპირად მიაწოდოს საკუთარი პოზიცია პარლამენტს.
პროექტის ავტორი და ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები: – დავით სონღულაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი.