პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
ანგარიში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გააცნო დეპუტატებს.
“ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის და სამშვიდობო ინიციატივების თანმიმდევრულ და პრაგმატულ განხორციელებას ერთიანი სამთავრობო მიდგომის საფუძველზე იმისთვის, რომ არსებული მძიმე რეალობისა და მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად მეტ შედეგებს მივაღწიოთ ხელოვნურად გაყოფილი მოსახლეობის ნდობის აღდგენისა და შერიგების გზაზე,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან თავის მოხსენებაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და შერიგების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის და მისი თანმიმდევრული შესრულების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, მათ ხელთ არსებული ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით, აქტიურად გრძელდება ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ეფექტიანი კომუნიკაციის, სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მხარდაჭერა.
როგორც მან მოხსენებაში აღნიშნა, ამ მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების ჩართულობით 2023 წელს ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით 23 ახალი ნდობის აღდგენის პროექტი იყო ინიცირებული, ხოლო 50-ზე მეტი პროექტი განხორციელების პროცესშია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უსაფრთხოებისა და თავისუფლების უგულებელყოფა. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და პატიმრობაში დატოვების სახით.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლების – სიცოცხლის ხელყოფის აღმაშფოთებელ ფაქტებზე, კერძოდ თამაზ გინტურის მკვლელობის, როგორც უკანონო ოკუპაციის შემზარავი გამოვლინების ფაქტზე.
ასევე თქვა, რომ სოხუმისა და ცხინვალის ციხეებში უკანონო პატიმრობაში ამჟამად საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფება, რაზეც, მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება.
“ჩვენი მხრივ, საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება, კომპეტენციის ფარგლებში და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ვახორციელებთ ერთობლივ ძალისხმევას ყველა არსებული ფორმალური თუ არაფორმალური ინსტრუმენტის გამოყენებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარულ ჭრილში უმოკლეს ვადაში გათავისუფლებისა და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის უზრუნველსაყოფად,” – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა ოკუპირებული გალის რაიონში თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტს, რომელსაც მოჰყვა შეუსაბამო განცხადებები თუ სპეკულაციები, რომ თითქოს ამას საქართველოს მთავრობის მხრიდან არასათანადო რეაგირება ჰქონდა.
მისი თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო სამსახურის მიერ მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზის გააქტიურება, შსს-ს მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება.
“მიმდინარე უკანონო ოკუპაცია და მისი უმძიმესი შედეგები არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომელსაც საჭიროა დავუპირისპირდეთ ერთიანი ძალისხმევით, საერთო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით,” – განაცხადა მინისტრმა.
თეა ახვლედიანმა მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებას შორის დიალოგი, სექტორული თანამშრომლობა არასოდეს შეწყვეტილა პანდემიის პირობებშიც კი.
მისივე თქმით, „უფრო მეტად იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილ შესაძლებლობებში ჩართვის ინტერესს და სურვილს გამოთქვამს.”
მინისტრმა ისაუბრა იმ ღონისძიებებზე და პროექტებზე, რომლებიც გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფისთვის განხორციელდა განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, საცხოვრებლის კეთილმოწყობის მიმართულებით.
მისივე თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (ICRC) თანამშრომლობით, გრძელდებოდა საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გაუჩინარებულთა ხვედრისა და ადგილსამყოფლის დადგენასა და მათი ოჯახების თანადგომას.
სახელმწიფო მინისტრმა თავის ანგარიშში წარმოადგინა ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების თაობაზე – რომელიც ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართებით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, განვითარების და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს და შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
“2024 წელს დაგეგმილია 2021-2030 წლების სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების პირველი შუალედური ყოვლისმომცველი შეფასება, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხორციელდება; დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, პროგრესი ამოცანების შედეგების ინდიკატორებთან მიმართებით გაიზომება, რაც უაღრესად საპასუხისმგებლო პროცესია, როგორც შემდგომი საქმიანობის მიზნობრივი დაგეგმვისა და პროცესების ეფექტიანად წარმართვის პროცესში, ასევე პოლიტიკის დინამიკის ზეგავლენის და რესურსების ეფექტიანი განაწილების თვალსაზრისით, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულების ჭრილში,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
თეა ახვლედიანმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.