პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.
დამტკიცებული პროექტის მიხედვით, მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის ძირითადი უფლებამოსილება პარლამენტიდან პრემიერმინისტრზე გადადის.
ცვლილებების თანახმად, სააგენტოში ორი მმართველი საბჭოს – საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების – ნაცვლად გაჩნდება ერთი ორგანო – მმართველობითი საბჭო. სწორედ ეს საბჭო იქნება პასუხისმგებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვაზე.
ამჟამინდელი ნორმით, სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4 წევრისგან, ხოლო საინვესტიციო საბჭო – 5 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოში შედიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. თავის მხრივ საინვესტიციო საბჭოს წევრებს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სწორედ საბჭოს წევრებიდან ირჩევა შემდგომში საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეც.
ცვლილებით, ორივე საბჭო გაუქმდება და მმართველობითი საბჭო ჩამოყალიბდება. აღნიშნული ორგანო შედგება არანაკლებ 9, ხოლო არაუმეტეს 15 წევრისგან, რომელთაგან 9 წევრის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა 1 წევრს ნიშნავს თანამდებობრივად, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში უფლებამოსილია თანამდებობრივად დანიშნოს 2 წევრი. პროფესიონალ წევრებს ნიშნავს პრემიერმინისტრი, კანდიდატურები კი მას შესარჩევმა კომისიამ უნდა წარუდგინოს. რაც შეეხება მმართველობითი საბჭოს წევრების გათავისუფლებას, ცვლილებების თანახმად, მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას.
ამასთან, შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი, 1 დამოუკიდებელი წევრი. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი. დამოუკიდებელი წევრი, მათ შორის, არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერმინისტრის და ეროვნული ბანკის წინაშე.
მმართველობითი საბჭო სამ კომიტეტს შექმნის: საინვესტიციო კომიტეტი; რისკის კომიტეტი; აუდიტის კომიტეტი.
იცვლება საინვესტიციო პორტფელები ინვესტირების არეალები და ლიმიტები. მაგალითად, ამჟამად ნაკლებრისკიანი პორტფელიდან ინვესტიციების გაკეთება შეიძლება კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდებსა და წილობრივ ფასიან ქაღალდებში. ცვლილებით კი ჩნდება “სხვა აქტივებიც”.