პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

82 – მომხრე, 15 – წინააღმდეგი – კენჭისყრის ამ შედეგით პარლამენტმა პირველი მოსმენით პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს.
“გირჩის“ ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს – “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.
პროექტის ინიციატორი არიან დეპუტატები: , ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი და ჰერმან საბო.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.