პარლამენტი 24 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ანრი ოხანაშვილს მოუსმენს

24 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ანრი ოხანაშვილს მოუსმენენ. ოხანაშვილი პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარსადგენად მიდის.
ანგარიში სუს-მა პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარუდგინა.
სუს-ი აღნიშნულ დოკუმენტში წერს, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, სხვადასხვა საბაბით – (მათ შორის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, საპარლამენტო ს “გაყალბება“) – საქართველოში სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას გეგმავდა, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.
ამავე ანგარიშის თანახმად, პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.
“სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები – კერძოდ, ში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებდნენ მზადყოფნას ჩამოსულიყვნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა მოჰყვებოდა. მათ შორის განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები.
საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ე.წ. “მაიდანიზაცია“ წარმოადგენდა. იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირება, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობა.
საპროტესტო მუხტისა და რადიკალიზმის გასაზრდელად დაგეგმილი იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება დემონსტრანტებთან დასაპირისპირებლად, რასაც მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა. ამ მიზნით ცალკეული ახალგაზრდული ჯგუფების მიერ გამოიყენებოდა პიროტექნიკა და ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილები“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, სუს-ის ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიერ, ასევე იგეგმებოდა 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა.
“ამ მიზნით განიხილებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი და მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაკისრებოდა.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით ე.წ. “ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები გამოიყენებოდა, როგორიცაა მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის განცდის შექმნას ისახავდა მიზნად“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება