პარლამენტი 19 აპრილის პლენარულ სესიაზეც არ დაუშვებს ონლაინმედიას

საქართველოს პარლამენტი, “უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის” მიზეზით, 19 აპრილის პლენარულ სესიაზეც არ დაუშვებს ონლაინმედიის წარმომადგენლებს. შესაბამისი განცხადება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურმა გაავრცელა, რომ ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შეეზღუდებათ შენობაში შესვლა.
“შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”, – წერია განცხადებაში.
შეზღუდვის დასაწესებლად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცალკე სამართლებრივი აქტი არ გამოსცა – ის ხელმძღვანელობს 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანებით, რომლითაც ჟურნალისტებს მუშაობის წესს უდგენს.
სპიკერის გადაწყვეტილებით, 19 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
19 აპრილს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობის უფლება არ ეძლევათ 15 აპრილიდან, იმავე, „უსაფრთხოების“ მიზეზით, მას შემდეგ, რაც „რუსულ კანონად“ წოდებული „აგენტების კანონი” განსახილველად დაბრუნდა საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტში „აგენტების კანონის“ განმხილველ საკომიტეტო მოსმენაზე არ დაუშვეს რადიო თავისუფლების აკრედიტებული ჟურნალისტიც.
“აგენტების კანონი” პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა – „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ – “ხალხის ძალიდან“ და ერთმა – “ევროპელი სოციალისტებიდან“.
პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე -მ ორი ადამიანი დააკავა.
16 აპრილის აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.