პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს

ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს 15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.
მასთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს – ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის – ს ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი „სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – „გრანტების შესახებ” კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით არის რეგისტრირებული. კანონპროექტი პარლამენტში ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდა, როგორც შარშან, ერთადერთი განსხვავებით – ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 000 ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 000 ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 000 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ