პარლამენტი მომავალ კვირას საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემდეგ, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება

პარლამენტი, მომავალ კვირას, “ქართული ოცნების” საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიებისთვის ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.
ამავე პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ისიც, რომ საერთაშორისო დონორები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.
“ქართული ოცნების” საკანონმდებლო პაკეტს 14 აპრილს, პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. ამის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე გავა.
ცვლილებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, “გრანტების შესახებ” კანონში და სხვა გამომდინარე კანონებში შედის.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა. მოქმედი კანონი ამბობს იმასაც, რომ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება, რომელთა მიზანი პარტიების ინსტიტუციური განვითარებაა, რაც რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას არ უკავშირდება.
პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტით აღნიშნული ჩანაწერი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონიდან ამოდის.
რაც შეეხება გრანტებთან დაკავშირებულ ინიციატივას, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება – თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებების მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.
ამავე პროექტით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს – კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.