პარლამენტი ინტერპელაციის წესით შს მინისტრს მოუსმენს

დღეს პარლამენტი, ინტერპელაციის წესით მიწვეულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს.
გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.
ვახტანგ გომელაურის გარდა, პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასევე ასახული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინტერპელაცია. პარლამენტში დავითაშვილის მოწვევა კომპანია “ორბი ბახმაროს“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეკონომიკის მინისტრი უცხოეთში მიემგზავრება და ამ თემაზე მისი მოსმენა მაისის თვეში გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა