პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იაგო ხვიჩიასა და თენგიზ შარმანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირების შემდეგ, იაგო ხვიჩიას დარბაზის დატოვება მოუწია.
უთანხმოების მიზეზი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის მოთხოვნა გახდა, რომლის მიხედვითაც, მან სხდომის წამყვანს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.
მისი განმარტებით, მესამე მოსმენის საკითხების განხილვისას იმ კითხვების დასმა, რომელსაც „გირჩის“ წარმომადგენელი მომხსენებელს უსვამდა, მიზანშეწონილი არ იყო. კამათი სწორედ ამ საკითხს მოჰყვა.
“ეს არ არის მესამე მოსმენის საკითხები, თუ ვინმეს აქვს პირადი კითხვები, მას შეუძლია დაუსვას. პატივი უნდა სცეთ ჩვენს დროსაც, რაც არის რეგლამენტით განსაზღვრული, გთხოვთ დაუბრუნდეთ იმ პროცედურას,”- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.
იაგო ხვიჩიამ მას უპასუხა, რომ უხერხულია თენგიზ შარმანაშვილის განცხადება.
“ჩემი აზრით, თუ რამე არის უხერხული ამ სტუმრებთან, რომლებიც კომიტეტის სხდომას ესწრებიან, ბატონი თენგიზის განცხადებაა, რომელიც ამ პარლამენტში დაბერდა და მაინც ჭკუა ვერ ისწავლა, როგორ უნდა მოიქცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.
დავით მათიკაშვილმა იაგო ხვიჩიას გაფრთხილება მისცა და განაცხადა, რომ მეორედ მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისას, სხდომას დაატოვებინებდა. ბოლოს კი, იაგო ხვიჩიას დარბაზი დაატოვებინეს.