პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში მოისმინა.
დოკუმენტი კომიტეტის წევრებს სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ბერაიამ გააცნო. საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშის წარდგენისთანავე, ბერაიას მოსმენა კითხვა-პასუხის ფორმატში დაიხურა.
ანგარიშს დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოისმენენ, სადაც სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი მივა.
სუს-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, უკრაინაში ომმა რეგიონში, მათ შორის საქართველოში სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მან რეგიონში უსაფრთხოების გარემო ფუნდამენტურად გააუარესა და კომპლექსური გამოწვევები შექმნა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები „იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ“. ისინი სხვადასხვა საბაბით სამოქალაქო არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავდნენ, თუმცა საბოლოო მიზანს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა წარმოადგენდა.
სუს-ის ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები – კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი.
„ისინი აცხადებდნენ მზადყოფნას ჩამოსულიყვნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც მოჰყვებოდა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა. მათ შორის განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები“, – ნათქვამია ანგარიშში.
სუს-ის განცხადებითვე, საპროტესტო მუხტისა და რადიკალიზმის გასაზრდელად დაგეგმილი იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება დემონსტრანტებთან დასაპირისპირებლად, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი.
მისივე ანგარიშის მიხედვით, მომიტინგეები 2024 წლის 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას გეგმავდნენ.
ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მთავარ სამიზნეებს შორის იყვნენ, ხოლო პროტესტის ორგანიზატორები “ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებულ მეთოდებსა და ტაქტიკას იყენებდნენ, რაც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის განცდის შექმნას.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2024 წელს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ცდილობდნენ აქტიურად გამოეყენებინათ ქვეყანაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვის მიზნით.
დოკუმენტის თანახმად, უცხოური სადაზვერვო სამსახურები ცდილობდნენ საქართველოზე ეკონომიკური გავლენის მოხდენას, ხოლო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ისეთი ეკონომიკური და ბიზნესპროექტების გამოვლენაზე მუშაობას, რომლებიც შესაძლოა უცხო ქვეყნების შესაბამისი სამსახურების მიერ გამოყენებული ყოფილიყო საქართველოზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად.
სუს-ი ანგარიშის თანახმად, გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა, რომ საზღვარგარეთ და საქართველოში მოქმედი ცალკეული ნაციონალისტური და სეპარატისტული იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაცია თუ პიროვნება საჯაროდ, მიზანმიმართულად აკეთებდა ანტიქართულ და ნაციონალისტურ განცხადებებს, ეწეოდა დეზინფორმაციულ კამპანიას ისტორიულ მოვლენებთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და საკულტო ნაგებობების კუთვნილებასთან დაკავშირებით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არასამთავრობო სექტორი, სამეცნიერო და ექსპერტთა ჯგუფები, საგანმანათლებლო პროფილით მომუშავე ორგანიზაციები, ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები და პირთა ჯგუფები წარმოადგენენ ერთგვარ მოწყვლად სეგმენტს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიმართ.
გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მან გამოავლინა უცხოური სადაზვერვო სამსახურების მცდელობები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და მათ ლიდერებთან აქტიური კავშირების დასამყარებლად, უცხოური სახელმწიფოების ინტერესების გატარების მიზნით. სამსახური აცხადებს, რომ სამიზნეები იყვნენ ჟურნალისტები, კერძო კომპანიები, დიასპორული ორგანიზაციები და საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
