„ქართული ოცნება“ პარლამენტის და სამინისტროების „არსენალის მთაზე“ გადატანას და არსებული შენობების გასხვისებას განიხილავს.
ამისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის მოსაკვლევად ტენდერი გამოცხადდა.
„არსენალის მთა“ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს და ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო სამხედრო ნაწილი.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების შესყიდვა უნდა მოხდეს. „სამთავრობო ქალაქის“ მოწყობა დაახლოებით 77 ჰექტარ ტერიტორიაზე განიხილება.
„სამთავრობო ქალაქის“ ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობები:
· პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31 350 მ 2
· მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7000 მ 2
· ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10 000 მ 2
· საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7500 მ 2
უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის აღნიშნული შენობა-ნაგებობების გარშემო გათვალისწინებული იქნეს ღობე.
საოფისე შენობები:
· ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20 700მ 2
· რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3 200 მ 2
· დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 51 900 მ 2
· ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 23 800 მ 2
· გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 47 400 მ 2 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7 600 მ 2
· კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3 600 მ 2
· თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59 900 მ 2
· საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ 7 000 მ 2
· შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1800 მ 2
· სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები.
ტენდერის პირობების მიხედვით, ბაზრის მოკვლევისთვის 4 თვეა გამოყოფილი.
დღეს, 10 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გეგმავენ არსებული შენობები იმ ფასად გაასხვისონ, რომ ახლის აშენება შეძლონ.
„ჩვენი საჯარო მოსამსახურეებისთვის შრომის პირობები ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო. აქედან გამომდინარე, გვაქვს ასეთი გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას. ჯერ დაზუსტებული არ არის, რომელ უწყებებს შეეხება. ეკონომიკური აქტივობა ერთი მხრივ იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც და მეორე მხრივ, როდესაც საინვესტიციო მიზნებით მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას. ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2017 წელს გაახმიანა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ სამთავრობო ქალაქის აშენება ორთაჭალაში იგეგმებოდა, სადაც თავს მოიყრიდა პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა. ამ დროისთვის ორთაჭალაშია ფინანსთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტრო და არაერთი საჯარო უწყება. ორთაჭალაში არის ასევე „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისი.
2025 წლის აგვისტოში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა, რომ უზრუნველყოს სამთავრობო ქალაქის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადება).
რაც შეეხება „არსენალის მთას“, თბილისის მერის კახა კალაძის კომპანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, 2007 წელს აქ 78 ჰექტარი მიწა 38 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა და მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აეშენებინა. კალაძემ 19 მილიონი პირველივე წელს გადაიხადა, თანხის ნაწილი კი 2008 წლის ბოლომდე უნდა დაეფარა, თუმცა „არსენალ დეველოპმენტმა“ ვადაში ჩატევა ვერ მოასწრო, რის მიზეზადაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დაასახელა. 2011 წელს ეკონომიკის სამინისტრომ კალაძის კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. 2024 წელს კახა კალაძე აცხადებდა, რომ 2011 წლის შემდეგ ამ კომპანიასთან კავშირი არ აქვს.




