პარლამენტის ახალი რეგლამენტით, მინისტრების ინტერპელაცია სასესიო კვირის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება, თვეში ერთხელ კი, ამავე პროცედურით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მივა

პარლამენტის თავმჯდომარის, ს შეფასებით, “მინისტრის საათის“ ფორმატი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში უნდა ახორციელებდეს.
ამ არგუმენტით ახსნა პაპუაშვილმა ახალი რეგლამენტის პროექტის ერთ-ერთი სიახლე, რომლის ამოქმედების შემდეგ, პარლამენტში “მინისტრის საათი“ აღარ გაიმართება. პაპუაშვილმა რეგლამენტის პროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით – მუხლობრივად წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მთავრობის საქმიანობის კონტროლის ფარგლებს კონსტიტუცია განსაზღვრავს და პარლამენტის კონტროლის იმ ინსტრუმენტებს უნდა მიჰყვეს, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. მან ამ კონტექსტში აქცენტი ინტერპელაციაზე, ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისთვის სადეპუტატო კითხვის გაგზავნის მექანიზმსა და მათ კომიტეტებში დაბარებაზე გააკეთა და როგორც განაცხადა, თუ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირები ამ ვალდებულებას არ შეასრულებენ, ეს შეიძლება მათი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.
“საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები განსაზღვრულია კონსტიტუციით. ეს აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეული დაცვაა, რომ პარლამენტი დამატებით ინსტრუმენტებს არ გამოიგონებს, რაც კონსტიტუციას ცდება. გამიჯვნის პრინციპიც სწორედ ეს არის, რომ კომპეტენციები განსაზღვრულია კონსტიტუციით და პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში უნდა ახორციელებდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა “მინისტრის საათის“ გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას.
პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალი რეგლამენტი მინისტრების პარლამენტში ინტერპელაციით მოწვევის შესაძლებლობას და ინტერპელაციების გამართვის რაოდენობას ზრდის. მისივე ინფორმაციით, ინტერპელაცია სასესიო კვირის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება. თვეში ერთხელ კი, ამავე პროცედურით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მივა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა