„პარკ ჰოტელმა“ სურამში სასტუმრო 2027 წლის თებერვლის ბოლომდე უნდა ააშენოს – მთავრობამ კომპანიას ვალდებულების დრო გაუხანგრძლივა

„პარკ ჰოტელმა“, რომელიც ბორჯომსა და წყალტუბოში სასტუმროებს ფლობს, დაბა სურამში, კონკრეტულად ჩუმათელეთში არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 2027 წლის თებერვლამდე უნდა ააშენოს, რისთვისაც არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ვიგებთ, რომლითაც „პარკ ჰოტელისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის #2356 განკარგულებაში ცვლილებები შევიდა.
მთავრობამ 2020 წელს პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემულ ქონებაზე კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების დრო გაუხანგრძლივა, რისთვისაც „პარკ ჰოტელმა“ ცვლილებების ხელშეკრულების გაფორმებამდე 42 241 ლარი უნდა გადაიხადოს.
მთავრობის განკარგულებაში „პარკ ჰოტელთან“ დადებული ხელშეკრულების პირობების დეტალები გაწერილი არ იყო, ამიტომ BM.GE ამ განკარგულების შემსრულებელ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი კითხვებით მიმართა.
როგორც სააგენტოდან გვაცნობეს, 2020 წელს „პარკ ჰოტელს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობი გადაეცა. მიწის საერთო ფართი 119 031 კვ.მ-ია, რისთვისაც კომპანიამ 500 000 ლარი გადაიხადა.
კომპანიაზე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა პირობიანი იყო და „პარკ ჰოტელის“ მიერ გარკვეული ვალდებულებების შესრულებას მოიცავდა. კონკრეტულად კი კომპანიას 3 წელიწადში – არაუგვიანეს 2024 წლის 23 თებერვლისა ამ ტერიტორიაზე არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა. ამასთან პირობა ითვალისწინებდა ადგილზე ბუნებრივ ან/და ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანს/მოედნების, რეკრეაციულ სივრცეს/ მრავალწლიან ნარგავების მოწყობას, რისთვისაც მინიმუმ 3 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების ამ პუნქტის შესრულების შემდეგ ერთ თვეში კი სასტუმროში 50 ადამიანის დასაქმება 2 წლის ვადაში უნდა უზრუნველეყო.
BM.GE-მ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ასევე ჰკითხა – რის საფუძველზე გაუხანგრძლივდა „პარკ ჰოტელს“ შეთანხმებით გაწერილი პირობების ვადა და რამდენჯერ, რაზედაც უწყებაში გვიპასუხეს:
„კომპანიის დასაბუთებული მოთხოვნის, კერძოდ განაშენიანების გეგმის პროექტის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურების გახანგრძლივების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის N2368 და 2025 წლის 31 მარტის N580 განკარგულებების შესაბამისად, პირობის შესრულების ვადა ორჯერ გაიზარდა, კერძოდ, შესრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2025 წლის 22 აგვისტო, ხოლო შემდგომში – არაუგვიანეს 2027 წლის 22 თებერვალი“.
კომპანია „პარკ ჰოტელი“ 2014 წელს არის დაფუძნებული და ის ბორჯომში სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი რიზორთ & სპა“ მართავს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მარიკა უგრეხელიძეა.
„პარკ ჰოტელი“ ასევე შპს „წყალტუბო პლაზას“ 100%-იან წილს ფლობს, რომელიც 2013 წელს არის დაფუძნებული და იმერეთში, წყალტუბოში სასტუმრო „წყალტუბო პლაზას“ მართავს.