საფრანგეთის კინოს ლეგენდარული მსახიობი ჟერარ დეპარდიე ორშაბათს დააკავეს დაკითხვისთვის, სხვადასხვა გადასაღებ მოედანზე ორ ქალზე სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობების გამო – აცხადებს პოლიცია.
დეპარდიეს ბოლო წლებში სექსუალური შევიწროების შინაარსის ბრალდებები წაუყენეს, რამაც დააზიანა მისი რეპუტაცია და წარმოაჩინა უფრო ფართო პრობლემები, რომლებიც უკავშირდება საფრანგეთში სექსუალური ხასიათის ქცევის ნორმებს.
დეპარდიე დანაშაულს უარყოფს, სააგენტო “როიტერსი” წერს, რომ ამ დრომდე მის ადვოკატებთან დაკავშირება ვერ შეძლო.
პოლიციის ორმა მაღალჩინოსანმა სააგენტოს უთხრა, რომ დეპარდიე დაკავებულია პარიზის მე-14-ე რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს.
გამომძიებლები სწავლობენ დეპარდიეს მხრიდან ორ გადასაღებ მოედანზე ქალებზე არამართებული შეხების ბრალდებებს, 2014 და 2021 წლებში.
პარიზის პოლიცია და პროკურორის ოფისი ჯერჯერობით განცხადებებს არ აკეთებენ.
დეპარდიეს საქმემ საფრანგეთის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ქალების ნაწილი მას განიხილავს ქვეყნის უუნარობის სიმბოლოდ, ებრძოლოს ძალაუფლების მქონე კაცების მხრიდან განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას, მოძრაობა #Metoo-ს ფონზე.
სხვები – მათ შორის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რამდენიმე ცნობილი მსახიობი – დეპარდიეს იცავენ.
“ის უდიდესი მსახიობია, გენიოსია თავის საქმეში, – თქვა მაკრონმა შარშან, წლის ბოლოს, – მისით საფრანგეთი ამაყობს”, – დასძინა პრეზიდენტმა.