საერთაშორისო კვლევითი კომპანია Euromonitor International-ის „ტოპ 100 საუკეთესო ქალაქის მიმართულებები 2024“-ის მიხედვით, პარიზი ზედიზედ მეოთხე წელია აღიარებულია ტურისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ქალაქად.
Euromonitor International-ის მიერ Lighthouse-თან პარტნიორობით გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში აღმოჩნდა, რომ ექვსი ევროპული მიმართულება დომინირებს ტოპ 10 რეიტინგში 2024 წელს.
პარიზს მოსდევს მადრიდი, მესამე ადგილზე ტოკიოა. მეოთხე ადგილზეა რომი, ხუთეულს კი მილანი ავსებს. აზია ათეულში წარმოდგენილია ორი ქალაქით, ევროპული კი ძირითადად ტურისტული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, აღნიშნავენ ექსპერტები.
2024 წელს, საერთაშორისო ჩამოსვლების რიცხვი მთელ მსოფლიოში გაიზარდა 19%-ით, რაც გამოწვეულია მოგზაურობაზე ძლიერი მოთხოვნით. ევროპა რჩება ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ რეგიონად, სადაც 793 მილიონი საერთაშორისო მოგზაურობაა.
ქალაქებს შორის ბანგკოკი ლიდერობს საერთაშორისო ჩამოსვლების მხრივ (32 მილიონი მოგზაურობა). ამ მაჩვენებლის მიხედვით, 2024 წელს ქალაქმა წინა წელთან შედარებით 30%-ზე მეტი ზრდა აჩვენა.
საერთაშორისო ტურისტულმა ხარჯებმა 2024 წელს $1,9 ტრილიონს მიაღწია.
