ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს ომის შემდგომ უკრაინაში ამერიკული ჯარების ადგილზე განლაგების შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობა, – ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეს პარიზში გამართული მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს ვაშინგტონის მიერ ცოტა ხნის წინ შეთავაზებული შესაძლებლობები უკრაინის მოკავშირეებისგან შემდგარი ე.წ. მსურველთა კოალიციის მიერ შემუშავებულ გეგმებთან.
გაურკვეველია, რა როლს შეასრულებენ აშშ-ის ჯარები ან სად განლაგდებიან ისინი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში. ევროპულმა ქვეყნებმა განიხილეს მრავალეროვნული „მხარდამჭერი ძალის“ განლაგება, რომელშიც უკრაინის არმია ფრონტის ხაზზე თავდაცვას უხელმძღვანელებდა.
წყაროების განცხადებით, აშშ ასევე მზადაა, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს, მათ შორის დაზვერვის უზრუნველყოფით. დარღვევების დასადგენად გამოყენებული იქნება დრონები და თანამგზავრები.
ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამერიკელ კოლეგებთან მათი ბოლო განხილვები დადებითი იყო და შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების ამჟამინდელი სტატუსი კარგ მდგომარეობაშია.
აშშ-ის, ევროპისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის ბოლო შეხვედრების მიზანი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება იყო. თუმცა, გაურკვეველი რჩება, დათანხმდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ წინადადებებს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უკრაინის მოკავშირეები დაჟინებით მოითხოვენ რუსეთის მონაწილეობას აშშ-სთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
გამოცემა წერს, რომ რჩება სხვა მნიშვნელოვანი დაბრკოლებებიც, განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსკოვს დონბასის რეგიონიდან უკრაინული ჯარების სრული გასვლა სურს – რასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს.
შეგახსენებთ, დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს. აშშ-ის დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს შორის ასევე იქნებიან: გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსანი ალექსუს გრინკევიჩი, რომელიც ევროპაში აშშ-ის ძალებს ხელმძღვანელობს.




