„ლელო“, როგორც წარმონაქმნი, არის ცინიზმის პიკი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „ლელო“ არის დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის რეალური ალტერნატივა და მათი მთავარი სტრატეგია იქნება, რომ ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
მისი თქმით, ამაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც არის „ლელო“, არ არსებობს.
„ადამიანები, რომლებიც იყვნენ კომკავშირის მდივნები, გველაპარაკებიან მოსკოვის მიუღებლობაზე, ადამიანები, რომლებიც კანონიერ, ძალაში შესული განაჩენით მხილებულნი არიან თაღლითობაში, გველაპარაკებიან კეთილსინდისიერებაზე, ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორები, გველაპარაკებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობაზე. ამაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც არის „ლელო“, არ არსებობს. რთულია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ქართველმა ხალხმა უკვე ორ არჩევნებზე გასცა პასუხი, თუ რა არის მისი შეფასება „ლელოს“ საქმიანობის მიმართ. ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.