პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარებისგან სანქცირებაზე საუბარი დაშინების მცდელობაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან დეპუტატების სანქცირებაზე საუბარი დაშინების მცდელობაა. „აგენტების კანონის“ ინიციირების გამო ევროპარლამენტში განხილულ რეზოლუციის პროექტზე პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.
„როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დასანქცირება?!. 29 აპრილს მობრძანდით და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებენ ეს ევროპარლამენტარები. სინამდვილეში, ასეთი რამ აბსურდია. ეს არის მეთოდი დაშინების იმისთვის, რომ ამ ჯგუფს ევროპარლამენტისა უნდათ მორჩილი ქართული საზოგადოება – მორჩილი, რომელიც კითხვებს არ დასვამს, გაჰყვება პირდაპირ დირექტივებს და რომელიც იტყვის, რომ მორჩილებაშია თავისუფლება და უცოდინრობაში – ძალაუფლება“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
23 აპრილს სტრასბურგში ევროპარლამენტის წევრები განიხილავდნენ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიციირებულ „აგენტების კანონს“. ევროპარლამენტარების ნაწილმა მოითხოვა, დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და კანონის მხარდამჭერ პარლამენტარებს, ასევე – პოლიციის მაღალჩინოსნებს. რეზოლუციის საბოლოო ვერსიას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 25 აპრილს უყრიან კენჭს.
13 თვის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ დააინიციირა „აგენტების შესახებ“ კანონი, რომელსაც გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს არა მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, არამედ კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებმაც, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ