ბრიტანული გაზეთის – „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო გამოშვებაში – „სანდეი ტელეგრაფში“ (The Sunday Telegraph) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით – „კრემლში პანიკაა: ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო გადატრიალების შიში აქვს, კოზირები უმთავრდება, დონალდ ტრამპი კი ქანჩებს უჭერს“ (ავტორი – მელისა ლოუფორდი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა. „მთავარი არგუმენტი, რითაც დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ცდილობდა, იყო ის, რომ „რუსეთი ძლიერია და ომს აუცილებლად მოიგებს: „თქვენ კოზირები არ გაქვთ“, – ეუბნებოდა იგი ვოლოდიმირ ზელენსკის. ახლა, როგორც ჩანს, კოზირები ვლადიმერ პუტინსაც აღარ აქვს, რადგან რუსული ეკონომიკა კრიზისის წინაშეა“, – ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როცა 2003 წლის ოქტომბერში ციმბირში, კერძო თვითმფრინავში მჯდომი მიხეილ ხოდორკოვსკი რუსეთის „სპეცნაზმა“ იარაღის გამოყენების მუქარით დააპატიმრა, ამით ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მმართველობის პირველ წლებში გარდატეხა მოხდა.
მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელიც იმ დროს ნავთობგაზის კომპანია „იუკოსს“ ფლობდა, რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს წარმოადგენდა და პრეზიდენტს ღიად აკრიტიკებდა. იგი პირველი ოლიგარქი გახდა, რომელიც საპყრობილეში აღმოჩნდა. ვლადიმერ პუტინმა მკაცრად დაიწყო „სხვაგვარად აზროვნების“ მქონე ადამიანების დევნა. „იუკოსის“ განადგურება კი რუსეთში საბაზრო ეკონომიკისა და გამჭვირვალობის დასასრულის დასაწყისად იქცა.
ზუსტად 22 წლის შემდეგ დღევანდელი რუსეთი ტოტალიტარულ სახელმწიფოს წარმოადგენს და, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი ისევ თვლის მიხეილ ხოდორკოვსკის რეჟიმისათვის საფრთხედ: მიმდინარე თვეში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ყოფილი პატიმარი, რომელიც დევნილია და ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, ასევე, „ომის მოწინააღმდეგე რუსული კომიტეტის“ 22 წევრი, სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა. ФСБ-ის მონაცემებით, კომიტეტი, რომელიც გმობს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ამჯერად „ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და საკონსტიტუციო წყობის დამხობას გეგმავს“. თავის მხრივ, მიხეილ ხოდორკოვსკი ამ ბრალდებას სიცრუედ თვლის, კრემლოლოგები ამბობენ, რომ რუსეთის მმართველს მოწყვლადობის ახალი შეგრძნება გაუჩნდა. რაშია საქმე?
ზოგადად, ვლადიმერ პუტინს შეშფოთების ბევრი მიზეზი აქვს: რუსეთის ეკონომიკის განვითარების ტემპები კლებულობს; სახელმწიფო სესხების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა; მაღალი საპროცენტო განაკვეთები ბიზნესს დიდ ზიანს აყენებს. ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ „ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის ზღურბლზე დგას“. უკვე გაჩნდა მცირე პროტესტების სიმპტომები – ამას წინათ ასობით ადამიანი შეიკრიბა სანქტ-პეტერბურგში, მოედანზე და აკრძალული სიმღერა დაიწყო, პრეზიდენტის დამხობის მოწოდებით.
ამასობაში კი უკრაინა აგრესიულად უტევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მათ ანგრევს და აზიანებს, რითაც ქვეყანაში საწვავის – ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტი იქმნება. თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც „ქანჩებს უჭერს“: აშშ-ის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინის შეუვალი პოზიციით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობების მიმართ და ახლა რუსული ნავთობის ექსპორტს სანქციებს უცხადებს. ინდოეთმა და ჩინეთმა, რომლებიც ციმბირული ნავთობ-გაზის ძირითადი მყიდველები არიან, იმპორტი შეამცირეს ანუ კრემლი მნიშვნელოვანი შემოსავლების გარეშე რჩება.
„სამნახევარი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ომის შედეგად რუსეთის ეკონომიკა სერიოზულად ზარალდება“, – ამბობს ტიმოთი ეში, ბრიტანული „ჩეთემ ჰაუსის“ მეცნიერი-თანამშრომელი, – “ვფიქრობ, რუსეთში გარკვეული პანიკური განწყობილება სუფევს“.




