პანამა – ცენტრალური ამერიკის ეს პატარა ქვეყანა ბევრისთვის ასოცირდება ადგილად, სადაც ბიზნეს საქმიანობა მარტივია. ცნობილია, რომ პანამა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად. ამის მიზეზი რამდენიმეა. ქვეყანაში ეროვნულ ვალუტასთან, პანამურ ბალბოასთან ერთად აშშ დოლარი თავისუფლად ბრუნავს. სწორედ, აშშ დოლარის არსებობა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს და გამორიცხავს რისკებს ბიზნესმენებისთვის და ინვესტორებისთვის. პოლიტიკური სტაბილურობა – კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც პანამა მიმზიდველია. ქვეყანას დემოკრატიულად არჩეული მთავრობა მართავს, პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამოქალაქო არეულობის გარეშე. პანამას მიმზიდველობის ცენტრად მუდმივად მზარდი ეკონომიკა აქცევს. ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში 1%-იანი ინფლაცია ნარჩუნდება და დაბალია უმუშევრობა. უცხოური ინვესტიციები დაცულია: პანამის კონსტიტუცია და უცხოური ინვესტიციების შესახებ მოქმედი ყველა კანონი იძლევა გარანტიას, რომ უცხოელებს აქვთ თანაბარი უფლებები პანამელებთან, როდესაც საქმე ეხება ბიზნესში ინვესტირებას, ქონების საკუთრებას და ზოგადად ინვესტიციებს.
ზემოთ დასახელებული მიზეზების მიუხედავად, არის ერთი გარემოება, რაც საქართველოში ბიზნესის დაწყებას პანამასთან შედარებით უფრო მარტივს ხდის. ეს ბიუროკრატიაა. საქართველოში ბიზნესის დასაწყებად საჭირო დოკუმენტები და ნებართვები გაცილებით მოკლე ვადაში გაიცემა, ვიდრე პანამაში. გარდა ამისა, პანამაში ყველა ნაბიჯზე ბიზნესს სუბიექტს ლიცენზიები სჭირდება, რაც საქმიანობის დაწყებას დროში წელავს. ეს კი თავის თავად დამატებით ფინანსებს მოითხოვს.
პანამაში ქართული რესტორნის ,,ლამროს“ დამფუძნებელი და მფლობელი ელენე დიღმელაშვილი ჩვენთან იმ პროცედურებს იხსენებს, რისი გავლაც მას რესტორნის გახსნამდე მოუწია: ,,პანამაში ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის ძალიან კარგი გარემო. პირველ რიგში იმიტომ, რომ გაქვს ეროვნული ვალუტა დოლარი და ეკონომიკა არის შესაბამისად სტაბილური. მაგრამ, მაგალითად ქართველისთვის რთულია აქ ბიზნესის დაწყება. ჩვენ შეჩვეული ვართ საჯარო რეესტრს, რომელიც ერთ დღეში არეგისტრირებს შპს-ს, ნახევარ საათში საბანკო ანგარიშს გახსნი. დაზღვევას ონლაინ გააკეთებ. ეს სერვისები პანამაში არ არის გამართული. გამართულია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგალითად, ვიდრე კოლუმბიაში ან ბრაზილიაში. ჩვენთვის ეს იყო კულტურული შოკი, როდესაც შპს-ს რეგისტრაციაზე დაახლოებით 2 კვირა დაგვჭირდა. საბანკო ანგარიშის გახსნაზე დაგვჭირდა ერთი კვირა. ძალიან ბიუროკრატიულია და ეს იყო რთული. აქ არის მოთხოვნები ლიცენზიების. მაგალითად ალკოჰოლის გაყიდვის ლიცენზია არის საჭირო. საჭიროა სანიტარიული ლიცენზია, კომერციული საქმიანობის ლიცენზია, რემონტის დროს გაყვანილობების სწორად გაკეთების ლიცენზია, სახანძრო ლიცენზია. რეალურად, შეიძლება ეს კარგია ბიზნესისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის უფრო ბიუროკრატიის ნაწილი, რაც გაფერხებს და ეფექტური არ არის ეს პროცესები.”- აცხადებს ელენე დიღმელაშვილი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/konferentsia_w_h-lcvwnB-300x169.jpeg)