ამ კანონის მიღებამ, როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-მდე გაიზარდა.
მისი თქმით, არაერთხელ განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა.
„ჩემს დიდი ხნის პოლიტიკას წარმოადგენს ის, რომ რაიმე კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარი არ გავაკეთო, მაგრამ რადგან თქვენ დამისვით შეკითხვა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ ურთიერთობაში რთულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა და სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომავალ კვირას ევროკავშირი შედეგებს განიხილავს. ეს დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზე გაიმართება, ასე რომ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და ჩვენ გადავწყვეტთ რა ზომებს მივიღებთ საქართველოში განვითარებულ ამ მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს წინსვლის პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედა. პრინციპში, ამ კანონის მიღებამ, როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთსულოვნებას მოითხოვს და ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იქნებიან, ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა საპასუხო ღონისძიებების ვარიანტები მოამზადეს და იგი წევრ სახელმწიფოებს გადაეგზავნა.
„ეს ხმამაღლა და გარკვევით თქვეს ჩემმა უფროსებმა, თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები მოვამზადეთ. ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იქნა გაზიარებული და წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, თუ რომელი ვარიანტი განახორციელონ ამ მენიუდან. ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს დონეზე 27 ივნისს უნდა იქნას მიღებული, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომელიც ყველაზე მაღალი დონეა ევროკავშირში. მინდა დავამატო, ეს ხდება, მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. ასე რომ, ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენ წინ მივიწევთ“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
მისივე თქმით, საპასუხო ზომებს მიღება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე მოხდება.
„მე დისკუსიას, რომელიც მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს შორის გაიმართება, წინ ვერ გავუსწრებ.
ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომელ ზომებს აირჩევენ წევრი სახელმწიფოები და რომელი ღონისძიებები განხორციელდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, წევრ ქვეყნებს მენიუ გადავეცით და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, ამ მენიუდან რომელი ღონისძიებების შერჩევა მოხდება“, – განცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.