პაველ ჰერჩინსკი – ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაითვალისწინებენ ევროკომისიის რჩევებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ

ვიმედოვნებ, რომ წევრი ქვეყნები გაითვალისწინებენ ევროკომისიის რჩევებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან ეს იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი იმისა, რომ მისი კარი ღიაა საქართველოსთვის.
„როგორც ყველამ ვიცით, 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ევროკომისიის აღნიშნულ რეკომენდაციას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო მომავალ ევროპულ საბჭოზე განიხილავს. ეს არის ევროკავშირის 27 ლიდერის, სახელმწიფოს მეთაურებისა და ლიდერების შეხვედრა 14 და 15 დეკემბერს. ვიმედოვნებ, რომ წევრი ქვეყნები გაითვალისწინებენ ევროკომისიის რჩევებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. ევროკომისიამ თავის პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად ასევე ცხრა ნაბიჯი გამოყო, ჩვენ მათ ნაბიჯებს ვუწოდებთ. ჩვენ ვნახავთ, დაადასტურებენ თუ არა წევრი ქვეყნები მათ. აღნიშნული ცხრა ნაბიჯიდან ზოგიერთი ძალიან ნაცნობია, რადგან ეს არის ყოფილი 12 პრიორიტეტი, რომლებიც ჯერ კიდევ განხორციელების ფაზაშია. ასე რომ, არის სამუშაო პროგრესი.
ზოგიერთი ნაბიჯი ახალია, მაგალითად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, უცხოეთიდან ინფორმაციის მანიპულირებასთან ბრძოლა, არჩევნების საკითხი, მოახლოებული არჩევნების საკითხი. მომავალ წელს პროცესი, საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი უნდა იყოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ყველა ნაბიჯის შესრულება თანაბრად მნიშვნელოვანია.
„ის თუ რომელი ნაბიჯი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია და ჩვენ გვსურს პროგრესი ყველა მათგანის შესახებ ვიხილოთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის არა ლოდინი, არამედ დავრწმუნდეთ, რომ ცხრა ნაბიჯის განხორციელება იწყება რაც შეიძლება ადრე და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩვენ გვსურს ყველამ ითამაშოს მისი როლი, ხელისუფლება იყოს ინკლუზიური, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული და დავინახოთ იმდენი პროგრესი რამდენიც შესაძლებელია, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, დაასრულოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და გახდეს ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება და ქართული პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ 15 დეკემბერს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, დადებითი იქნება და ხელს შეუწყობს პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი იმისა, რომ მისი კარი ღიაა საქართველოსთვის და ეს იქნება შესაძლებლობა, რომლითაც საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ისარგებლოს და რაც შეიძლება სწრაფად დანერგოს აუცილებელი რეფორმები. არსებობს სახელმძღვანელო ახლად გამოყოფილი ცხრა ნაბიჯის სახით. ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი არჩევნების წინ იქნება. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ არჩევნებს. არის იმის აუცილებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავეწიოთ ევროკავშირს და ვისარგებლოთ კანდიდატის სტატუსით და გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯებზე, დავაჩქაროთ პროცესი და ვიზეიმოთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, სხვა ეტაპების დახურვა და შემდეგ ევროკავშირის წევრობა.
12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯოფეზ ბორელის ვიზიტის შემდეგ. ბევრ ფრონტზე წავიწიეთ წინ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ჩვენ ვესაუბრეთ პრემიერსა და ბევრ მინისტრს. მჯერა, რომ არის ძალიან ძლიერი ნება იმისა, რომ რეფორმები შესრულდეს, მაგრამ ვნახოთ, არსებობს მოწოდებები და რაც ჩვენ ახლა გვჭირდება არის მათი განხორციელება. იმედი მაქვს, რომ მათი განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყება, რათა ჩვენ შევძლოთ საქართველოს მიახლოება ევროკავშირის წევრობასთან, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო სურვილია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ