„ქართული ოცნება“, რომელმაც პენსიაზე გასული ივანიშვილი დააბრუნა უკან და ძირითად შემადგენლობაში გამოიყვანა, ჩვენზე როგორ საუბრობს?! – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებში წარმატების მიღწევის შანსი არ აქვს.
მისივე თქმით, “გამარჯვების კოალიციას” მოქალაქეებზე ორიენტირებული კამპანია ექნება.
“ივანიშვილი, რომელიც ვეტერანი იყო სამგზის, ძირითადში შემოიყვანეს. ჩვენ, გამარჯვების კოალიციას გვაქვს გეგმა. ჩვენი მთავარი სტრატეგია არის კოალიცია ხალხთან, საქართველოს მოქალაქესთან. ჩვენი მთავარი პრინციპია მოქალაქეზე ორიენტირებული კამპანია, მოქალაქეთა დღის წესრიგის დაბრუნება და ამ დისკუსიების დასრულება, თუნდაც იმაზე, თუ როდის აღვნიშნოთ შობა. მოქალაქეები ამას თავად გადაწყვეტენ,”- განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი იყო ფიქცია და “ქართული ოცნება” არც სამუშაო ჯგუფით და არც მის გარეშე მნიშვნელოვან რეფორმებს არ განახორციელებს.
„როცა შესვლაზე ფიქრი დავიწყეთ, მაშინ გაიქცნენ ამ სამუშაო ჯგუფებიდან. არადა ყოველდღე გვეკითხებოდნენ, რატომ არ მუშაობთ, სამუშაო ჯგუფი არის გადარჩენაო. მეც დავფიქრდი, მართლა გადარჩენა ხომ არ არის, ხომ არ შევიდე- თქო და მერე აღმოვაჩინე, რომ კობახიძე გაქცეულა ამ სამუშაო ჯგუფიდან,”- განაცხადა მანჯგალაძემ.