პაატა მანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ არანაირი გამჭვირვალობა და შინაარსი არ აინტერესებს, ეს რომ აინტერესებდეს, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში გადაადგილების შესაძლებლობას არ დაუბლოკავდა

„ქართულ ოცნებას“ არანაირი გამჭვირვალობა და შინაარსი არ აინტერესებს, ეს რომ აინტერესებდეს, მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში გადაადგილების შესაძლებლობას არ დაუბლოკავდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, არ უნდა მიიღონ.
„ეს კანონი ბევრი მიზეზის გამო რუსულია, რადგან რუსულ საქმეს ემსახურება. როცა გერმანიის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, გაერო-ს შესაბამისი კომიტეტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო გეუბნება, ამ კანონით ევროპაში ვერ შეხვალო, შესაბამისად, არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესს არ ემსახურება.
კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას, რუსულია. ჩემთვის მთავარია, ქუჩაში ბევრი ქართველი იყოს, რადგან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ბევრი ადამიანის ხმა ესმის, არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, ახლა მისთვის მთავარია, არჩევნებამდე მოგუდოს ყველა ორგანიზაცია.
„ქართულ ოცნებას“ არანაირი გამჭვირვალობა და შინაარსი არ აინტერესებს, ეს რომ აინტერესებდეს, მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში გადაადგილების შესაძლებლობას არ დაუბლოკავდა. არანაირი გამჭვირვალობა „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს, როცა ეშინია მათ შორის, ონლაინ მედიების, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულია. გამჭვირვალობა რომ უნდოდეს, ივანიშვილის და ღარიბაშვილის ფინანსებით დაიწყებდა, – აცხადებს მანჯგალაძე.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ – ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის ვერც “ინტერპრესნიუსის” აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებენ.