პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ხელისუფლება ავტოკრატიიდან ნელ-ნელა დიქტატურისკენ მიდის – ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა არც ერთ დიქტატორს არ მოუგია და იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი საქართველოს ჯიბეში ჩადების უფლებას არავის მისცემს! – ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი .
როგორც მანჯგალაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, “რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული“. მანჯგალაძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ “ამ გადანაწილების დროს ივანიშვილის ქვეშ არსებული რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია“.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის შეფასებით, “ეს არის სისტემა, რომელმაც სკამის შენარჩუნების ამოცანა ძალადობად აქცია“.
“ხელისუფლება ავტოკრატიიდან ნელ-ნელა დიქტატურისკენ მიდის. რეჟიმი ამბობს: – ჩემი პოლიციელი, ჩემი მოძალადეები, დამრბევები დაცული იქნებიან, ხოლო მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ თქვენი დამცველი და პატრონის არავინ უნდა იყოს. ვამბობთ, რომ აქციის მონაწილემ პოლიციელს წიხლი ჩაარტყა, მაგრამ მანამდე ხდებოდა ის, რომ ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, წიხლებს ურტყამდნენ, ადამიანის თავით ფეხბურთს თამაშობდნენ, ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ლამის კისერში გადაამტვრიეს და არც ერთ ასეთ ამბავზე საქმე არ აღძრულა.
იმის ნაცვლად, რომ სტუდენტები სწავლობდნენ, ხელისუფლება მათ იჭერს. 500-ზე მეტი ახალგაზრდაა ნაცემი და არავინ ამის გამო არ დასჯილა. ეს არის სისტემა, რომელმაც სკამის შენარჩუნების ამოცანა ძალადობად აქცია.
თუ დამარცხდება პროტესტი, თუ დამარცხდება ევროპული მომავლის იდეა, ამით საქართველო დამარცხდება, მაგრამ თუ დამარცხდება ივანიშვილი, ამით საქართველო გათავისუფლდება და ქვეყანა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და განვითარებული გახდება. ეს არის სხვაობა!
ევროპარლამენტის რეზოლუციამ დაადასტურა, რომ ჩვენ ლეგიტიმური ხელისუფლება არა გვყავს. ასე უყურებს მათ მთელი ცივილიზებული მსოფლიო. არსებობს დე ფაქტო ხელისუფლება, მაგრამ ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული მთავრობა არ გვყავს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი ფარსია და მასში მონაწილეობის მიღებას არავითარი აზრი არა აქვს.
ამასთან, მანჯგალაძის ინფორმაციით, მომავალ კვირას “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მთავარი პრინციპების გარშემო გაერთიანებულ პარტიებს შორის გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმს გამოაქვეყნებს.
“თუ არჩევნები არ არსებობს, მასში ვერც მონაწილეობას მიიღებ და ვერც ბოიკოტში იქნები. რვა პარტია ვამბობთ, რომ გამოსავალი მხოლოდ პარლამენტის ახალი არჩევნებია და არარსებულ არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ არ იქნება მექანიზმი, ყველანაირი ერთიანობა ბუტაფორია იქნება. ის მომავალ კვირას კონკრეტულ მექანიზმს გამოაქვეყნებს, როგორ მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება “რვიანის“ ფორმატში. თუ ვინმეს არ ვეთანხმები, პირდაპირ ლანძღვა კი არ უნდა დავიწყო, არამედ მთავარ პრინციპებზე შეთანხმებული პარტიები მაგიდასთან დავსხდეთ და თუ იმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც მე ვამბობ, ვალდებული ვიქნები, დავემორჩილო და ერთიანობაში დავრჩე.
პროპაგანდა ძალადობის გარდა, იმაზეც დგას, რომ ადამიანებს ყოველ დღე ეუბნებიან: – შეხედეთ ოპოზიციას! ვერაფერზე თანხმდებიან, ერთმანეთს ლანძღავენ, ამათ რა ქვეყანა უნდა ააშენონ და რა ევროკავშირში უნდა წაგიყვანონ. რატომ ვაძლევთ მათ დამატებით არგუმენტს და რატომ ვქმნით პრობლემას იქ, სადაც შესაძლებელია პრობლემის მინიმალიზება?! მრგვალ მაგიდასთან დავსხდეთ და იმის მიუხედავად, მე, გიორგი ვაშაძეს, “სტრატეგია აღმაშენებელს“ მოსწონს თუ არა ესა თუ ის გადაწყვეტილება, თუკი ერთიანობის ნაწილი ვარ, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს ვალდებული ვიქნები, რომ ამ ერთიანობის ნაწილი ვიყო და საერთო გადაწყვეტილება შევასრულო.
თუ ამის მექანიზმი არ არსებობს და ამაზე შეთანხმებული არა ვართ, ერთიანობა სრული ილუზიაა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა