პაატა მანჯგალაძე – პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი ეხუროს და ხმალი ეჭიროს? ხაბეიშვილს ან ბურჭულაძეს რას უწუნებენ? – არჩევნებს რაც შეეხება, „ოცნება“ 70%-ს დაიწერს, მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?

„ქართული ოცნება“ ახლა არჩევნებზე 70%-ს დაიწერს. ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ, მთავარი მონაწილეობა კი არ არის – ვინმემ მითხრას როგორ იმარჯვებენ?, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციის ნაწილის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, პირველ რიგში უნდა აღმოიფხვრას ის მიზეზები, რამაც არჩევნებს აზრი დაუკარგა.

„აქვს ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება უზურპირებული? – კი. კონსტიტუცია აქვს მიტაცებული? – კი. ხელისუფლება აქვს მიტაცებული? – კი. 70%-ს დაიწერს ახლა არჩევნებზე „ქართული ოცნება“. ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ, მთავარი მონაწილეობა კი არ არის. მთავარია, ის მიზეზები, რამაც არჩევნებს აზრი დაუკარგა, იმ მიზეზების აღმოფხვრა. თუ მიზეზები არ არის აღმოფხვრილი, ვინმემ მითხრას, როგორ იმარჯვებენ. აგერ მოვა 4 ოქტომბერი და შევაფასოთ, ამ ექსპერტების და პოლიტიკოსების დაძახილზე რამდენი ადამიანი გამოვა და პაატა ბურჭულაძე რომ არ მოსწონთ და , ვნახავთ აქ რამდენი ადამიანი გამოვა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, შეუშლით თუ არა საარჩევნო პროცესს ხელს, პაატა მანჯგალაძე პასუხობს: „რანაირად უნდა შევუშალოთ ხელი, საერთოდ არ ვაპირებთ არცერთ საარჩევნო უბანთან გავლასაც კი“.

მისივე განცხადებით, 4 ოქტომბერს მიდის აქციაზე, როგორც საქართველოს მოქალაქე და პარტიის წარმომადგენელი, რათა თავისი წილი საქართველო დაიცვას.

„როგორ შეიძლება თქვა, რომ სად არიან ლიდერები? არ იცით, სად არიან? ციხეში არიან. ლიდერები არიან ციხეში, რეჟიმმა დაატყვევა, დატყვევებულია სამოცზე მეტი. პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი უნდა ეხუროს თავზე და ხმალი უნდა ეჭიროს ხელში? ლევან ხაბეიშვილს რას უწუნებდნენ, ან პაატა ბურჭულაძეს რას უწუნებენ?

მე მივდივარ როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც პარტიის წარმომადგენელი, გუნდთან ერთად, რომ ჩვენი წილი საქართველო დავიცვათ იქ, იმ დღეს [4 ოქტომბერს]. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქართველი ამას გააკეთებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.