ოპოზიციურ პარტიებს ახლა ორი ტიპის ერთიანობა გვჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ქვეყანა რეჟიმისგან გავათავისუფლოთ და ყველა ჩვენმა პარტნიორმა ნახოს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნითაც იზოლაციაშია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
პაატა მანგალაძის განცხადებით, ის ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას მხარს უჭერს, თუმცა ვის, რა როლი და ტვირთი ექნება „რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“ სიტუაცია გადაწყვეტს.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს ყველანაირ კოორდინაციასა და ერთიანობას უჭერს. მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს ახლა ორი ტიპის ერთიანობა გვჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით იმიტომ, რომ ქვეყანა რეჟიმისგან [„ქართული ოცნება“] გავათავისუფლოთ და საქართველო თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა გახდეს. ქვეყნის გარეთაც, რადგან ყველა ჩვენმა პარტნიორმა ნახოს, რომ რეჟიმი ქვეყნის შიგნით იზოლაციაშია. სწორედ ამისთვის გვჭირდება ეს ერთიანობა. ჩვენ როლებს არ ვინაწილებთ, სიტუაცია და ვითარება განსაზღვრავს ამ პროცესში ვის, რა როლი ექნება და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რა ტვირთს აიღებს.
ჩვენ კი, რაც საქართველოს, ქართველი ხალხის ერთიანობასა და დაკვეთას მოემსახურება, ყველაფერს მხარს დავუჭერთ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ასევე, მანჯგალაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ქართველი პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის, პოლიციის მაღალჩინოსნებისთვისა და პარლამენტის წევრისთვის სანქციების დაწესებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ადამიანებმა საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანეს, რადგან ისინი ძალადობას ამართლებენ, ამიტომ მათ დისკომფორტი უნდა შეექმნათ.
„ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ვინმეს დასანქცირება, ამ ხალხმა, რომელსაც რეჟიმი ჰქვია, საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა, ვინც ძალადობას ამართლებს სანქცირებული უნდა იყოს და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ხელისუფლება ცდილობს, რომ მტრის ხატები შექმნას, რომ ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე აღარ ვისაუბროთ. სწორედ ამის ნაწილია, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას, კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს – ცუდს ეძახის.
ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენაში საქართველო შავ-თეთრია – მისი მსახურები და მტრები, და სწორედ მათი პროპაგანდის ამოცანაა, რომ ქვეყანაში მსგავსი ფონი შეიქმნას.
„ქართული ოცნების“ ნებისმიერი მსახური, მათ შორის ლაშა ტალახაძე, რომელიც ამართლებს რეჟიმის ძალადობას, მას დისკომფორტი უნდა შეექმნას“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
