დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ყველგან ზუსტად ისე იქცევა, როგორც „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს არის იმისი ჩვენება, რომ ასეთი ხელისუფლებები ძალიან მალე ასრულებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს, აქციის მონაწილეებზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მანჯგალაძის თქმით, „ჭაობში რაც უფრო მეტს იმოძრავებ, მით უფრო ჩაეფლობი და სწორედ ამ პროცესშია, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება”.
“დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ყველგან ზუსტად ისე იქცევა, როგორც “ქართული ოცნება”, მაგრამ ეს არის იმისი ჩვენება, რომ ასეთი ხელისუფლებები ძალიან მალე ასრულებენ. “ქართულ ოცნებას” უნდა, შეცვალოს დემოკრატიის პარადიგმა, როცა ხალხის ეშინია, ხალხს უწევს ანგარიშს და არა პირიქით – ხალხს ეშინია ხელისუფლების. ეს დაშინება ვერცერთ ადამიანს ვერ შეაშინებს – ვისაც თავს დაესხნენ, არცერთი არ აპირებს, რომ სახლში დარჩნენ იმის გამო, რომ ვიღაც თავს დაესხა, პირიქით, ისინი უფრო მოტივირებული არიან. გუშინვე მე უმეტესობა მათგანი ვნახე, ზოგიერთი გუშინწინ ვნახე, ალბათ, “ქართულ ოცნებას” დღევანდელი სიაც გამზადებული ექნება, მაგრამ ამის არავის ეშინია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ქართულ ოცნებაში”, ვისაც ელემენტარული ღირსება შერჩენია და პატრიოტიზმი, თუ არიან ასეთები, ტყუილად ფიქრობთ და გგონიათ, რომ ფსკერზე დადგით ახლა ფეხი და ამის იქით ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არაფერს მოგთხოვთ. გგონიათ, რომ “რუსულ კანონს” მიიღებთ და ამით დასრულდება ყველაფერი, გეგონათ, რომ თქვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს გადაუვლიდით, მოგუდავდით ამ აირით, წიწაკის სპრეით, შემდეგ გეგონათ, რომ სახლში მიუვარდებოდით ადამიანს და აქ გაჩერდებოდით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს პროცესი პირიქით არის. ჭაობში რაც უფრო მეტს იმოძრავებ, მით უფრო ჩაეფლობი – ამ პროცესშია, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა პრემიერის, ირაკლი კობახიძის წერილზეც და უმრავლესობას მოუწოდა, რომ “დაასრულონ ეს თავის მოტყუება და შეხედონ სიმართლეს თვალებში, რომ ისინი საქართველოს საწინააღმდეგო მხარეს არიან”.
“მე ეჭვი მაქვს, “ქართულ ოცნებაში” არ დარჩა არცერთი ადამიანი, ვინც გაუბედავს და ივანიშვილს ეტყვის: “ბატონო ბიძინა, ბრძენო ადამიანო, ახლა ჩვენი წასვლის დრო მოვიდა”. ამის მთქმელი არავინ დარჩა “ქართულ ოცნებაში”. ატყუებენ, ჯერ 300 რეკრუტირებული ეძახა კობახიძემ ახალგაზრდებს, ახლა გამოუსწორებია და ათი ათასზე გაიყვანა და ახლა ლაპარაკობს, რომ თურმე 10 000 პარტაქტიური ახალგაზრდა გვყავს ჩვენ – მაშინ დასრულებულა ყველაფერი. ათი ათასი ახალგაზრდა, ხელისუფლებაშია “ქართული ოცნება” და იმათ არ ჰყავთ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, ეროვნული მოძრაობის პარტიებში არ იყო ათი ათასი ახალგაზრდა გაწევრიანებული. დაასრულეთ ეს თავის მოტყუება და შეხედეთ სიმართლეს თვალებში – თქვენ ხართ საქართველოს საწინააღმდეგო მხარეს”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის წერს, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან”.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ „მესიჯს“, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.