„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ერთიანობის შესახებ გიორგი ვაშაძის ინიციატივა რეალურ სამოქმედო გეგმად უნდა იქცეს.
მისივე შეფასებით, ეს არის ნდობის ახალი შანსი და გამარჯვების რეალური გზა.
„დღეს გამოქვეყნებული, გიორგი ვაშაძის სტრატეგია ერთიანობის შესახებ არის დოკუმენტი, სადაც პირველად გვთავაზობენ არა სიტყვებს, არამედ მწყობრ სტრუქტურას, წარმატების გააზრებულ სტრატეგიას.
ეს არ არის ცარიელი მოწოდება: – მოდი, შევთანხმდეთ! ეს არის კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ ვაწყობთ მძლავრ სისტემურ ერთიანობას.
ეს არ არის მხოლოდ პარტიების დროებითი კოორდინაცია, ეს არის მძლავრი ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნა კონკრეტული მექანიზმით.
გიორგი ვაშაძემ და სხვა ლიდერებმა თავიანთი ნაბიჯებით დაამტკიცეს, რომ პრინციპების ერთგულება არა მხოლოდ სიტყვა, არამედ მოქმედებაა.
ნდობა იწყება იქ, სადაც ლიდერები არ გარბიან, არ ეძებენ არარსებულ, ფუჭ, იოლ გზებს – ისინი დგანან ხალხთან ერთად ბოლომდე!
სისტემური, სტრუქტურული ერთიანობა ერთადერთი გზაა გამარჯვებისთვის, დაქსაქსულობა ყოველთვის ნიშნავდა მარცხს, ხოლო ერთიანობა ნიშნავს მეტ ძალას, მეტ ნდობას, მეტ იმედს და რეალურ შესაძლებლობას გამარჯვებისთვის.
ეს ხალხმა იცის – უბრალოდ ჩვენგან პირველ მწყობრ ნაბიჯებს ელოდება.
მზად ვართ ვაკეთოთ ის, რასაც წლებია ხალხი ითხოვს – კომპრომისი, ერთიანობა, მოქმედება, მწყობრი წინააღმდეგობა.
გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის ახალი შანსი და გამარჯვების რეალური გზა“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს. საპატიმრო დაწესებულებიდან ავრცელებს საკუთარ მოსაზრებას, თუ რა არის საჭირო გამარჯვების მისაღწევად. ვაშაძის შეფასებით, კარგია ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ფორმატი, თუმცა არასაკმარისია.
