ბრიტანეთი ძალიან ბევრ ოფშორულ კუნძულს ფლობს და ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი ოფშორული კომპანია აქვს, ამიტომ ბრიტანული სანქციები უფრო მტკივნეულია მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვიდრე ამერიკის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმ პირებმა, „რომლებმაც საკუთარი მოქალაქეებსა და დემოკრატიაზე ხელი აღმართეს და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს“, საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანეს, ამიტომ, იმედს გამოთქვამს, რომ დიდი ბრიტანეთი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ სანქციებს უახლოეს მომავალში დააწესებს.
„პროპაგანდაა, რომ ოპოზიცია მილევად რეჟიმშია. ერთადერთი ვინც მილევად რეჟიმშია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე არ არსებობს, ასევე ნულია ქვეყნის შიგნითაც. ნახეთ, რომ გურიაში სტიქიის დროს 5 დღის მერე მოახდინეს რეაგირება. უნდა ვიცოდეთ, რომ ბრიტანეთი ძალიან ბევრ ოფშორულ კუნძულს ფლობს, მათ შორის, ვირჯინიის კუნძულები ბრიტანულ იურისდიქციაშია და ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი ოფშორული კომპანია აქვს, ამიტომ ბრიტანული სანქციები უფრო მტკივნეულია მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის, ვიდრე ამერიკის. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრი ოფშორული კომპანიით სარგებლობს.
სანქცია ჩვენი [ოპოზიციის] თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ყველა მოძალადემ, რომლებმაც დემოკრაუტიისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ხელი აღმართა, რომელმაც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება – საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა და ეს სანქციები არის რეაგირება იმ ძალადობაზე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი სჩადის. დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთი სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს. ბიძინა ივანიშვილის გარეშემო მყოფი ბევრი ადამიანი დაკავშირებული ბრიტანეთთან, ოფშორებთან, მათ შორის ვირჯინიის კუნძულებთან, ეს კი რეაგირებაა მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებების მიმართ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა. ბრიტანელმა მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე“ და აღნიშნა, რომ ეს სრულად მიუღებელია.
ამასთან, ბრიტანელმა მინისტრმა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა: „ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს“.
