„ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებენ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ადამიანს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
„კორონავირუსის პერიოდში ნიღბების მასიური ტარება ვირუსების გავრცელებას ხელს უშლიდა. აქედან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებენ.
ახლა ძირითადად ცირკულირებს A ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია, ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში და იმის შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. ნიღაბი აუცილებლად უნდა ატაროს პირმა, რომელიც ავად არის. საერთოდ, ადამიანი ავად თუ არის სახლი უნდა დარჩეს.
აქვე ვიტყვი, ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი და საერთოდ, არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც არის ვირუსული დაავადება, იმიტომ, რომ არცერთი ანტიბიოტიკი ვირუსულ დაავადებაზე არ მოქმედებს“, – აცხადებს პაატა იმნაძე.