პაატა ზაქარეიშვილი – 4 ოქტომბერს სერიოზული ავანტიურა იყო, ასეთი ტიპის ღონისძიებები რუსეთიდან იმართება – ახლა მაინც ეყოს ჭკუა „ოცნებას“, ახალგაზრდები გამოუშვას ციხიდან, არ მადარდებს, სად იქნებიან ავანტიურისტები, თვითონ გამოჩარხეს „ვირის აბანო”

პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებული პროცესები შეაფასა, როგორც „წმინდაწყლის ავანტიურა და პროვოკაცია“, რომლის უკან, მისი თქმით, ორგანიზებული ქსელები იდგა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები დან იმართება და საქართველოში მოქმედი პირები მხოლოდ დამაკავშირებელი რგოლები არიან.
„ეს იყო წმინდაწყლის ავანტიურა, პროვოკაცია. ამ ხალხს სჯეროდა საკუთარი წარმატების, სულელური, მაგრამ წარმატების. რაღაც ქსელი და კავშირები ექნებოდათ, ასე თამამად ვერ იმუშავებდნენ. ხალხი ეყოლებოდათ რაიონში. საკმაოდ სერიოზული ავანტიურა იყო, ვიღაცამ სერიოზულად ააგდო…..
ვიღაცამ ძალიან რომ გადააგდო, გასაგებია. ასეთი ტიპის ღონისძიებები რუსეთიდან იმართება. ამ სპექტაკლში საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობენ. საქართველოში შეუძლებელია რუსეთისგან შექმნა ქსელი და რუსულ ენაზე მოსაუბრე ადამიანმა ჭკუა გასწავლოს. ანუ ქართველი უნდა გამოვიდეს შენთან და ქართულად უნდა გესაუბროს – ქართული გვარით და ქართული ენით. რუსეთს შეზღუდული რესურსები აქვს საქართველოში სამუშაოდ, ამიტომ იოლი არ არის“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე და კიდევ რამდენიმე პირი 4 ოქტომბრის პროცესებში მონაწილეობდნენ როგორც ქვედა ეშელონის წარმომადგენლები და უშუალო შემსრულებლები.
მისი თქმით, შესაძლოა პროცესების კოორდინაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხდებოდა და პროცესის მაღალი დონის ორგანიზატორები შესაძლოა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდნენ.
„მე ვგულისხმობ არა ზედა ეშელონს, საიდანაც ფული წამოვიდოდა და ბრძანებები, არამედ ქვედა ეშელონს, რომლებიც გამტარები და პირველი შემსრულებლები იყვნენ. ზემოდან წამოვიდა ინიციატივა, მიიღო ბურჭულაძის კატეგორიის ადამიანებმა, ქვემოთ გაუშვა ინფორმაცია. მარტო თბილისში ვერ მოხდებოდა, უნდა წასულიყო სხვაგან. ახლა სუს-ი ნადირობს ქვედა ეშელონზე, ზედას ხელს ვერ მოკიდებენ, რადგან შეიძლება საქართველოში არც იყოს, შეიძლება რუსეთშიც არ იყოს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები უნდა გამოუშვას ციხიდან.
„როდესაც ამდენი ახალგაზრდა გვყავს ციხეში, სულ არ მადარდებს ესენი. ამათი იდიოტობები. იქნებ, ახლა მაინც ეყოს ჭკუა „ქართულ ოცნებას“, ეს ახალგაზრდა ბიჭები მაინც გამოუშვან ციხიდან. მათზე ლაპარაკი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ავანტიურისტები სად და როგორ იქნებიან. თვითონ გამოჩარხეს ეს ვირის აბანო. უფრო ახალგაზრდებზე ვდარდობ. ასეთი არაადამიანური როგორ იქნება „ქართული ოცნება“ , რომ არ დაიწყოს ამ ადამიანების გამოშვება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, რა მიზანს ემსახურებოდა ორბელიანების სასახლისკენ წასვლა, პასუხობს, რომ „იმდენად იდიოტური ნაბიჯი იყო, ძალიან ძნელია ამაში რამე რაციონალური დაინახო“:
„თავიანთი მიამიტური გათვლებით თუ პრეზიდენტის სასახლეს აიღებდნენ, დანარჩენ საქართველოში მალევე გავრცელდებოდა სიგნალი. ესეც კი ვერ გამოუვიდათ. სპრეის პირველივე შეშხაპუნებაზე უკან დაიხიეს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – 4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების შესაძლებლობა! ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება!