„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უფრო რუსულია, ვიდრე „რუსული კანონი“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, რუსეთი უფრო „პატიოსნად“ იქცევა, რადგან პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკა და ევროკავშირი მისი მტერია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უფრო რუსულია, ვიდრე „რუსული კანონი“, რადგან რუსეთი უფრო „პატიოსნად“ იქცევა, რადგან ამბობს, რომ ამერიკა და ევროკავშირი ჩემი მტერია, ამიტომ ჩემთვის მიუღებელია ამერიკიდან და ევროკავშირიდან წამოსული ფულით რუსეთში სამოქალაქო სექტორი იყოს აქტიური. ეს არის ამორალური, ცინიკური, მაგრამ ლოგიკური პოლიტიკა ასეთი რუსეთისა. როდესაც პაპუაშვილი ნერვიულობს, ნუ ეძახით „რუსულ კანონსო“, ორჯერ უფრო „რუსული კანონია“, რადგან ჩვენ ფარისევლები ვართ, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკა და ევროკავშირი ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ მათ ჩვენი კანონითვე ვსახავთ მტრებად“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
როგორც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის 2023 წელს, პირველ ჯერზე განხილვაზე საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ შეურაცხყოფილია, რომ 2023 წლის მარტის აქციებზე ქართველმა ხალხმა მათზე გაიმარჯვა.
მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ ახლა უფრო მზად არის კანონპროექტის დასამტკიცებლად, ვიდრე 2023 წელს იყო.
„უნდა ამოვიდეთ არა ემოციური, არამედ რაციონალური კონტექსტიდან. რაციონალური არის ის, რომ შეურაცხყოფილები არიან, რომ ქართველმა ხალხმა მათზე გაიმარჯვა. მძიმე შლეიფია არჩევნების წინ. შეიცვალა ხელისუფლება, ღარიბაშვილის მთავრობა, რომელმაც ვერ გადაუარა ქართველ ხალხს და ასეთი სირცხვილი აჭამა „ქართულ ოცნებას“ შეცვლილია და დღეს მოსულია, საკმაოდ, უტიფარი, ცინიკური ფიგურა კობახიძის სახით, რომელმაც როგორც ჩანს ივანიშვილის წინაშე ერთ-ერთი ვალდებულება აიღო, რომ თვითონ გამოასწორებს ღარიბაშვილის შეცდომას და ამ ხალხს არაფერს აპატიებს.
მათ კარგად შეისწავლეს რამდენი ადამიანი გამოვიდა [2023 წლის 6-7-8 მარტის აქციები], ვინ იყო აქტიური, ლიდერები დათვალეს, მთელი წლის განმავლობაში გამოთვალეს ვინ უფრო აქტიური და პასიურია. იმედია, დღეს უფრო მეტი ხალხი გამოვა, მაგრამ უფრო მზად არიან გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. არ გამოვრიცხავ, რომ სისხლის დაღვრაც კი დაუშვან“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ლგპტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ერთდროულად შემოიტანეს იმისთვის, რომ ის ხალხი დააჯახონ ერთმანეთს, რომლებიც ერთი კანონის და მეორე კანონის უკან არიან.
მისივე განმარტებით, ამ პროცესში „ქართული ოცნება“ შეეცდება გამოჩნდეს, როგორც გამშველებელი და არა, როგორც აქციის დამრბევი.
„გუნდის შიგნით კობახიძემ გაიმარჯვა ღარიბაშვილზე. ივანიშვილის სახით წმინდა სული გამოიწვია, ჩამოიყვანა ღრუბლებიდან და შემოიყვანა პარტიაში. კობახიძეს „რაღაცად“ უღირს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მან უნდა დაამტკიცეს რომ ღარიბაშვილზე უკეთესია ის და მისი გუნდი. ნახეთ როგორ გაშალა ფრთები მდინარაძემ, როგორც კი კობახიძე დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. მათ რაღაცის დამტკიცება უნდათ, პირველ რიგში, ივანიშვილისთვის და პარტიის შიგნით, მეორე რიგში, „ქართული საზოგადოება, არაფერი გაგივათ!“. მათ სურთ ძალის დემონსტრირების ჩვენება. „ქართული ოცნების“ ახალმა სახემ ტყუილად არ შემოიტანა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი. არავინ აპირებს ამ მიმართულებით მუშაობას, მდინარაძე ლაპარაკობს ამაზე, ის არის მთავარი პროპაგანდისტი ლგბტ საზოგადოების ღირებულებების. რატომ? იმიტომ, რომ მათ უნდათ ერთმანეთს დააჯახონ ეს ორი კანონი და დააჯახონ ის ხალხი, რომლებიც ერთი კანონის და მეორე კანონის უკან არიან. ამაში ვხედავ ცინიკურ, უტიფარ, ბოროტ მცდელობას, რომ საზოგადოება დააჯახონ ერთმანეთს. ერთი და იმავე დღეს, ერთი და იმავე მოედანზე აღმოჩნდებიან, როგორც „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები, ისევე ლგბტ პროპაგანდის მოწინააღმდეგეები. არ გამოვრიცხავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი შეუწყოს სერიოზულ დაპირისპირებას, რათა შემდეგ თვითონ გამოჩნდეს როგორც გამშველებელი და არა, როგორც აქციის დამრბევი“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, რისი მიღწევა სურს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელმეორედ დაინიცირებით, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ კანონპროექტი სინამდვილეში მიმართულია საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ.
„კანონი, ვითომ მიმართულია არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ. სინამდვილეში ეს მიმართულია ევროპის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ. არჩევნებამდე ბევრი ვერაფერი შეიცვლება, რაც არ უნდა სასტიკი კანონი გამოუვიდეთ. სამაგიეროდ, რა შეიძლება არჩევნებზე მოხდეს? ევროპამ ჩვენზე თქვას უარი. არჩევნებამდე ვერ იტყვიან, ყველა იტყვის, რომ არჩევნებს დაელოდებიან. მათ ხომ არ იციან საზოგადოება როგორ მოიქცევა. საბოლოო ჯამში იტყვიან, კანონი ცუდია, მაგრამ არჩევნების შედეგებს დაველოდებით“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.