სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რყევები არსებობსო. რასაც ჩვენ ვხედავთ რყევები კი არა მეტი ერთობაა – მონოლითურობა იქმნება. „ქართული ოცნება“ იყო 3- თავიანი მონსტრი – კალაძე, ღარიბაშვილი და კობახიძე. ერთი თავი გაგორდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებში რყევებს ვერ ხედავს, პირიქით მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ირაკლი კობახიძის მიერ ძალაუფლების გამყარებად მიიჩნევს. როგორც ზაქარეიშვილი
„პოლიტიკურ სისტემაში, რაც უფრო მეტი თავია, მით უფრო მეტი ნაპრალებია და რყევებია.
საქართველოში, დღევანდელი კონსტიტუციით ყველაზე დაცული პოლიტიკური ფიგურა არის თბილისის მერი. თბილისის მერს ირჩევს მილიონიანი ქალაქი და ვერავინ გადააყენებს მას თუ თვითონ არ მოინდომა. ლეგიტიმაცია აქვს მაღალი. კალაძის მიერ მორიგ ჯერზე მოპოვებული მერობის თანამდებობა აშკარა გამოწვევა იქნება კობახიძისთვის თუ ის ნამდვილად იკეთებს გუნდურ კარიერას. კობახიძემ ერთი წყება ხალხი გააგორა, ლილუაშვილი და ა.შ. მეორე წყება ხალხი ჩახსნა მატარებლიდან ღარიბაშვილის გუნდის სახით.
რყევა კი არ ხდება, მონოლითის შეკვრა ხდება. სადაც ზურაბიშვილი რყევას ხედავს მე იქ მონოლითს ვხედავ. პირიქით, ვხედავ ძალაუფლების გამყარებას კობახიძის მხრიდან. მან მოიცილა ღარიბაშვილი, შედარებით სუსტი რგოლი სამკუთხედიდან, ახლა რჩება იმ ადამიანთან, ვინც არის ქალაქის მერი, რომელიც ყველაზე უფრო ღირებული პოლიტიკური თანამდებობაა საქართველოში. რაც არ უნდა ძლიერი იყოს პრემიერი თავის თანამდებობით, კალაძე მერობით უფრო ძლიერია თავისი ლეგიტიმაციით“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, პოლიტოლოგმა პროტესტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროტესტს სჭირდება ჯგუფი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი პროცესებზე და საზოგადოების კითხვებზე გასცემს პასუხებს.
„შეიძლება პროტესტს მეთაური არ სჭირდებოდეს, მაგრამ ორგანიზატორობა სჭირდება – ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც პასუხი მოეთხოვებათ. უმჯობესია რაღაც ჯგუფი არსებობდეს, ვიდრე ერთი ადამიანი. ყოველთვის ჯობია არსებობდეს ბირთვი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს ორგანიზატორობას და პასუხს გასცემს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. მათ შორის ასეთ კითხვას: სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან და ხმა არ ამოუღია ადგილობრივ არჩევნებზე. ანუ რაღაც ინფორმაცია არსებობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება?!
საჭიროა კოალიციას მეტი პატივისცემა ჰქონდეს საზოგადოების მიმართ და მეტი სიცხადე შეიტანოს იმასთან დაკავშირებით თუ რას ეფუძნება მათი მოლოდინები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და თუ იქნება როდის? ეს იქნება ადგილობრივ არჩევნებამდე, მასთან ერთად თუ შემდეგ.
მე ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავ იმისა, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. „ქართულ ოცნებას“ თავის ამორალურობაშიც გააჩნია ლოგიკა. ალოგიკურად მხოლოდ შეშლილები იქცევიან. ლოგიკური იქნებოდა, თუ უნდა და თუ მიდის არჩევნებისკენ, საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს ადგილობრივი არჩევნების დღეს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ „თუ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდა, წავა ისეთ დროს, რომ გარანტირებულად გააყალბოს არჩევნები, რათა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და რათა მისთვის დაწყევლილი 78-ე მუხლი ამოიღოს კონსტიტუციიდან“.
