მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას და ობიექტური, მკაცრ სამართლებრივ ნორმებში მოქცეული ინფორმაცია მივაწოდო საგამოძიებო კომისიას , – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 26 მარტს 10:00 საათზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზეა დაბარებული.
როგორც პაატა დავითაია აღნიშნავს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისი დაბარება უკავშირდება ახსნა – განმარტებების მიცემას 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობაზე, რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელობდა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც არსებობს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩემი ხელმძღვანელობით დროებითი საპარლამენტო კომისიის საქმიანობის შესახებ, რაც იყო უპრეცედენტო შემთხვევა იმ პერიოდში, მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას და ობიექტური, მკაცრ სამართლებრივ ნორმებში მოქცეული ინფორმაცია მივაწოდო საგამოძიებო კომისიას. ჩემთვის აგვისტოს ომის თემა სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ინტერესს, რაც არსებობს სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, ჩემთვის პრინციპული საკითხია სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის პროცესში სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გახმაურებული ინფორმაციები იყოს დაცული, რათა არ მოხდეს მისი გამოყენება ოკუპანტი ქვეყნის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან აგვისტოს ომის თემაზე საქართველოში გაკეთებული განცხადებები ოკუპანტ სახელმწიფოში რეაგირების გარეშე არ რჩება, შესაბამისად, პოლიტიკური მიზნებისა და კონიუნქტურის მიუხედავად, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
არის გარკვეული საკითხები, რომლებიც დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან, რომელთან დაკავშირებითაც ჩემი მხრიდან გამოყენებული იქნება კანონის მკაცრი სამართლებრივი ნორმები. ეს ეხება დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობის სპეციფიკას, მათ შორის საკითხებს, რომელთა განხილვაც მოხდა ე.წ, „დახურულ“ სხდომებზე. მათ ადევს უმაღლესი სახელმწიფო საიდუმლო გრიფები, რომლებიც არაა მოხსნილი. მათთან დაკავშირებით მე ვერ გავცემ პასუხებს დროებით საგამოძიებო კომისიას, სანამ არ მოიხსნება გრიფი – საიდუმლო. რაც შეეხება საჯარო საკითხებს, რომლებიც გადაიცემოდა ტელევიზიითა და რადიომაუწყებლობით, არსებობს შესაბამისი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე სხდომების წერილობითი ოქმები, რომლებიც ინახება საქართველოს პარლამენტის არქივში და მათზე წვდომა ბუნებრივია აქვს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას.
როგორც უკვე აღვნიშნე, ვინაიდან, საკითხი ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის თემას, რომელიც იყო, არის და იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, მზად ვარ დავესწრო კომისიის სხდომას, ვიმოქმედო კანონის ფარგლებში სამართლებრივი ნორმების და იმ ვალდებულებების დაცვით, რაც აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამაჩნია”, – აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
