პაატა დავითაია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე – რუსეთი საქართველოს სახელმწიფოზე სეპარატისტებთან ერთად ზეწოლას აწარმოებს და ცდილობს შემდგომში ანექსიისთვის სამართლებრივი ბაზა შექმნას

აფხაზეთის ახალდანიშნული ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის განცხადება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მკაფიოდ მიანიშნებს ზეწოლის პოლიტიკაზე, რის გატარებასაც სეპარატისტულ რეჟიმთან ერთად ცდილობს ქართულ სახელმწიფოზე, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი რეაგირება უნდა მოახდინოს სეპარატისტული რეჟიმის განცხადებებზე.
„სეპარატისტული რეჟიმის ახალმა მინისტრმა ამ განცხადებით განსაზღვრა ის პოლიტიკა, რომელიც გატარდება საქართველოსთან მიმართებით. დაიწყება ზეწოლა ქართულ სახელმწიფოზე, რასაც მიანიშნებს მოთხოვნა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმებაზე, ასევე ჟენევის ფორმატში თავდაუსხმელობის აქტის ხელმოწერა. სეპარატისტული რეჟიმის მსგავსი თავხედური განცხადებები არის შედეგი იმ დათმობითი პოლიტიკის, რაც გვაქვს ბოლო წლებში.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს მკვეთრი რეაგირება სეპარატისტული რეჟიმის ამგვარ განცხადებებზე. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ დათმობს, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება ნიშნავს, რომ ჩვენი ტერიტორიები არ არის ოკუპირებული და ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთს, პოზიციების დაფიქსირება უნდა მოხდეს არა მხოლოდ დახურულ კარს მიღმა, არამედ საჯაროდაც.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაპირისპირების ნაცვლად, რაც გვაქვს ბოლო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებთან, მოიპოვოს მათი სრული მხარდაჭერა. მკვეთრად დაფიქსირდეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩვენი პოზიციები, რომ რუსეთი სეპარატისტებთან ერთად აწარმოებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას სამართლებრივი ბაზა შემდგომში ანექსიისთვის, სწორედ ამას ემსახურება სეპარატისტების ბოლო განცხადებები, რაც სახიფათო ნაბიჯებია ჩვენთვის“, – აცხადებს პაატა დავითაია.