პაატა ბურჭულაძის ადვოკატი – ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ

ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიმდინარე პროცესი პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობის პროცესის შემადგენელი ნაწილია.
„საქართველოს პროკურატურა, სამწუხაროდ არ გამოირჩევა აზრის მკაფიოდ ფორმულირების დიდი უნარით, ამიტომ ბრალის დადგენილებიდან ნაკლებად ირკვევა, თუ რა არის რეალურად საბაბი და მოარგებენ მოგვიანებით რასაც მოუნდება იმას. განხორციელებულია ტექნიკური ცვლილებები, მათ შორის, ჯგუფის წევრებად დასახელებულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური ტყვეები არ იცნობენ და პროკურატურა ვერავითარ საშუალებას ვერ გამოიყენებს, რომ კავშირი დაადასტუროს. ჯერჯერობით არ ვიცით პროკურატურის მტკიცებულებათა სია.
ბრალის დადგენილებაში ტყუილებიც არის მოცემული, მაგალითად წერია, რომ პაატა ბურჭულაძე შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა -ს თანამშრომლებს. პაატა ბურჭულაძის აქციაზე ყოფნის უწყვეტი ვიდეო კადრები არსებობს, პირდაპირ ეთერში გადაცემული, სადაც ჩანს, რომ არავითარ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
ჩვენ ამ ნაწილს ვუყურებთ არა როგორც მართლმსაჯულების პროცესს, სადაც რაიმეს შინაარსი გააჩნია, არამედ პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობის პროცესის შემადგენელ ნაწილს. სამწუხაროდ, შინაარსობრივი კამათისა, ზოგადი შეფასებების გაკეთება გვიწევს.
ძალადობის ნაწილი წინა ბრალშიც იყო, თუმცა პროკურატურის ვერსია შეცვლილია.
ბრალის დადგენილებაში, რომელიც მე გადმომეცა წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, შესაძლოა ოდესღაც აქციაზე ერთად იმყოფებოდნენ.
ბრალში წერია, რომ მოუწოდებდნენ და ცდილობდნენ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას, რომელიც დანაშაული ფორმალურად არ არის, თუმცა ეს „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად ჩათვალა”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.