ოხანაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონს რუსულს ეძახიან, მიკროფონს უთიშავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონს რუსულს ეძახიან, მიკროფონს უთიშავს.
ოხანაშვილი მიზეზად “დეზინფორმაციის” გავრცელებას ასახელებს. მან ევროოპტიმისტების წევრ ხატია დეკანოიძეს მიკროფონი მაშინაც გაუთიშა, როდესაც განხილვაზე ჟურნალისტების არშემოშვება ახსენა.
დღეს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა.
რუსული კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტები.
ამასთან, 11:00 საათიდან დაიწყება სტუდენტების მსვლელობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით. მასშტაბური საპროტესტო აქცია საღამოს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.